სტატისტიკის თანახმად, დედების 90%ს მუდმივი დანაშაულის განცდა აქვს. უმეტესად იმის გამო, რომ ჰგონიათ თავიანთ მოვალეობებს კარგად ვერ ასრულებენ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მათ ეშინიათ ამაზე საუბრის. თუმცა 2 შვილის დედას, ბლოგერ სელესტ ივონს ამის შიში არ ჰქონია. მან თავის ქმარს გულწრფელი წერილი მისწერა, სადაც მას საჯაროდ სთხოვს დახმარებას. ამით ის უამრავი ქალის სათქმელს აჟღერებს, ვისაც გამბედაობა არ ჰყოფნის თავის სადარდებელზე ისაუბროს.
გთავაზობთ ბლოგერის წერილს:
“ძვირფასო მეუღლევ,
მე. მჭირდება. მეტი. დახმარება.
გასული ღამე შენთვის რთული იყო. მე ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა გთხოვე, რათა ადრე დამეძინა. ბავშვი ტიროდა, თანაც ძალიან. მისი ხმა ზედა სართულზე მესმოდა და მუცელი უსიამოვნოდ მეკუმშებოდა ამ ხმაზე, ვფიქრობდი უნდა ჩამოვსულიყავი და დაგხმარებოდი თუ კარი მომეხურა და ძილი გამეგრძელებინა, რომელიც მართლა საშინლად მჭირდებოდა. მე ეს უკანასკნელი ვარჩიე.
შენ 20 წუთის შემდეგ ოთახში შემოხვედი, ხელში სასტიკად მტირალი ბავშვი გეჭირა. ბავშვი ჩემს ახლო მდებარე აკვანში ჩააწვინე და ნაზად გააქანავე, ეს მკაფიო ჟესტი იყო, რომ მისი მოვლით დაიღალე.
მინდოდა შენთვის მეყვირა, იმ მომენტში მსურდა ძალიან დიდი ჩხუბი ამეტეხა. ახალფეხადგმულ ბავშვს და ჩვილს მთელი დღე მე ვუვლიდი. მთელი ღამე ბავშვთან ერთად ვაპირებდი გაღვიძებას, რათა მისთვის მეჭმია.
მხოლოდ რამდენიმე საათის სანატრელი ძილი. ნუთუ ძალიან ბევრს ვითხოვ?
ვიცი, რომ გაზრდის პროცესში ჩვენს მშობლებს ვუყურებდით, როგორ ინაწილებდნენ დედისა და მამის როლს. ჩვენი დედები მთავარი მზრუნველები იყვნენ, მამები კი შედარებით ნაკლებად ერთვებოდნენ ამ საქმეში. ისინი არაჩვეულებრივი მამები იყვნენ, მაგრამ ვერ წარმოადგინათ უამრავი პამპერსის გამოცვლა, კვება, ზრუნვა და ბავშვის მოვლა. დედები სუპერქალები იყვნენ, რომლებიც ოჯახურ დინამიკას ინარჩუნებდნენ. საჭმლის მომზადება, დასუფთავება და ბავშვების გაზრდა. მამების ნებისმიერი დახმარება ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ მოულოდნელი.
ვხედავ, რომ ყოველდღე უფრო და უფრო ვემსგავსებით ასეთ ოჯახებს. ჩემი პასუხისმგებლობა ოჯახის გამოკვება, სახლის დასუფთავება და ბავშვების მოვლაა, მიუხედავად იმისა, რომ მეც ვბრუნდები სამსახურიდან. ამ ყველაფერში უმეტესად ჩემს თავს ვადანაშაულებ. მე დავუშვი პრეცედენტი, რომ ამის გაკეთება შემიძლია. და რეალურად კი უბრალოდ მინდა, რომ შემეძლოს.
ვხედავ ჩემი მეგობრები და სხვა დედები როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს, თანაც საკმაოდ კარგად. ვიცი, შენც ხედავ ამას. თუ მათ ეს გამოსდით, და თუ ჩვენს დედებსაც ასე კარგად შეეძლოთ ამ ყველაფრის კეთება, მე რატომ არ შემიძლია? არ ვიცი.
შეიძლება ჩვენი მეგობრები სხვების დასანახად თამაშობენ და სინამდვილეში ჩუმად იტანჯებიან. შეიძლება ჩვენი დედებიც წლების მანძილზე უთქმელად წვალობდნენ და ახლა, 30 წლის შემდეგ, მათ უბრალოდ არ ახსოვთ როგორი რთული იყო ეს სინამდვილეში. ან იქნებ მე უბრალოდ არ ვარ ამ საქმეში ისეთი კომპეტენტური, როგორც სხვები, ამის გამო კი ყოველ დღეს თვითგვემაში ვატარებ. და რაც არ უნდა მიჭირდეს ამის თქმა, მაინც უნდა ვთქვა: მე მეტი დახმარება მჭირდება.
ჩემი ერთი ნაწილი ზოგჯერ დახმარების თხოვნასაც ვერ ბედავს. იმას ვგულისხობ, რომ შენ მეხმარები. შენ არაჩვეულებრივი მამა ხარ და მშვენივრად ართმევ თავს ბავშვებთან ყოფნას. გარდა ამისა, ეს ჩემთვის უფრო იოლი უნდა იყოს, ასე არაა? დედობრივი ინსტიქტი, ხომ? მაგრამ მე ადამიანი ვარ, 5 საათიან ძილზე ვოცნებობ და უკიდურესად დაღლილი ვარ. მე შენ მჭირდები.
დილით, მჭირდები, რომ ჩვენი უფროსი ბავშვი მოამზადო, რათა მე ჩვილს მივხედო და ყველას ლანჩი და თითო ჭიქა ყავა მოვუმზადო. და არა, ბავშვის მომზადება არ ნიშნავს მის ტელევიზორთან დასმას. ეს ნიშნავს იმაში დარწმუნებას, რომ დაბანილია, ასევე მისთვის საუზმის გამზადებას, იმის გარკვევას უნდა თუ არა წყალი და საჭირო ნივთების ჩალაგებას.
ღამით ერთი საათით დასვენება მინდა და იმაში დარწმუნება, რომ უფროს ბავშვს სძინავს, პატარა კი შენი ზრუნვის ქვეშ არის. მესმის, რთულია ბავშვის ტირილის მოსმენა. მერწმუნე, ეს ვიცი. მაგრამ თუ მე შემიძლია ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა და დამშვიდება დღის უმეტეს ნაწილში, შენც შეძლებ ამას ღამით, 1 ან 2 საათით. გთხოვ. მე შენ მჭირდები.
შაბათ-კვირას მე მეტი დასვენება მჭირდება. დრო, როცა სახლიდან გავალ და თავს ინდივიდად ვიგრძნობ. თუნდაც ეს მარკეტში გასვლა იყოს. და ზოგჯერ, როცა ცურვის გაკვეთილებს ვჯავშნი და ბავშვები გამყავს სადმე, და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ მაქვს, მჭირდება – ხელი გამომიწოდო. ან შემომთავაზო, რომ ბავშვების შუადღის ძილის დროს დავისვენო. ან ჭურჭლის რეცხვა დაიწყო ჩემი შეხსენების გარეშე. მე შენ მჭირდები.
დაბოლოს, მე მინდა მითხრა, რომ რასაც ვაკეთებ, იმისთვის მადლობელი ხარ. მინდა ვიცოდე, რომ ამჩნევ გარეცხილ სარეცხს და გემრიელ სადილს, რომელიც მე მოვამზადე. მინდა ვიცოდე, რომ აფასებ ბავშვის ძუძუთი კვებაზე ყოფნას, როცა მუშაობის დროს რძეს ვიტუმბავ, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური კვება უფრო მარტივი იქნებოდა. იმედი მაქვს ამჩნევ, რომ არასდროს გთხოვ სახლში დარჩენას და არ მინდა შენს კომპიუტერულ ივენთებსა და სპორტულ აქტივობებს მოგწყვიტო. მიჩნეულია, რომ, როგორც დედა, სულ სახლში უნდა ვიყო და მუდმივად შემეძლოს ბავშვებზე ზრუნვა, როცა შენ გარეთ ხარ. მე საკუთარ თავზე ვიღებ მუდმივად სახლში ყოფნას.
ვიცი, ჩვენი მშობლები ასე არ აკეთებდნენ და მე თხოვნაც კი მეზიზღება. ვისურვებდი ყველაფრის კეთება შემეძლოს და თან ყველა საქმე იოლი იყოს. და ვისურვებდი არ მჭირდებოდეს ქება-დიდება ყველა იმ საქმისთვის, რასაც ადამიანები დედებისგან ელიან. მაგრამ მე თეთრ დროშას ვწევ და ვაღიარებ, რომ ადამიანი ვარ. გეუბნები როგორ მჭირდები და თუ ამ ტემპით სიარულს გავაგრძელებ, აუცილებლად გავტყდები. და ეს ტკივილს მოგაყენებს შენც, ბავშვებსაც და ჩვენს ოჯახსაც.
რადგან, მოდი ვაღიაროთ: შენც ძალიან გჭირდები.”
ინტერნეტის ათასობით მომხმარებელი აზიარებს ამ წერილს. კომენტარიც ბევრი დაიწერა. ზოგი ქალი მადლობასაც ეუბნება თავის მეუღლეს, რადგან მათ არ სჭირდებათ დახმარებისთვის შეხსენება. თუმცა ბევრად მეტი ქალია ისეთი, ვინც წერილის ავტორს უხდის მადლობას, იმიტომ რომ მან ბევრი დედის ფიქრი გააჟღერა, რომლებსაც ამ ყველაფრის აღიარების ეშინიათ.
თქვენ რას ფიქრობთ ამ წერილზე? თვლით, რომ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ ქალებს თანამედროვე ოჯახებშიც? გაგვიზიარეთ თქვენი ფიქრები კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!