მთავარი საკითხავი რა არის ნიჰილიზმი? იდეის საწყისი და განვითარება

რა არის ნიჰილიზმი? იდეის საწყისი და განვითარება

by Keti

ნიჰილიზმი არის რწმენა, რომლის მთელი ღირებულება ეფუძნება ყველა მოვლენის ამაოებასა და უაზრობას. ხშირად მას პესიმიზმთან და რადიკალურ სკეპტიციზმთანაც აკავშირებენ. ნამდვილ ნიჰილისტს არაფრის სწამს, არავის მიმართ აქვს სიყვარული და არ გააჩნია მიზანი. ფილოსოფოსებს ხშირად იცნობენ ნიჰილისტებად, თუმცა ძირითადად პირველი ასოციაციები ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირდება. ის ირწმუნებოდა, რომ სამყაროსეული კოროზია გაანადგურებდა ყველანაირ მორალს, რელიგიას და მეტაფიზიკურ აზროვნებას, რაც გამოიწვევდა ყველაზე დიდ კრიზისს კაცობრიობის ისტორიაში.

მე-20 საუკუნეში ნიჰილიზმის თემები იყო ეპისტემოლოგიური მარცხი, ღირებულებების ნგრევა და კოსმიური უმიზნობის განცდა. ამ საკითხებმა მოიცვა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები – ხელოვანები, სოციალური კრიტიკოსები და ფილოსოფოსები. მაგალითად, შუა საუკუნეებში, ეგზისტენციალისტები პოპულარიზებას უკეთებდნენ დოგმატურ ნიჰილიზმს და ცდილობდნენ შეესუსტებინათ მისი დესტრუქციული პოტენციალი. მეოცე საუკუნის ბოლოს კი ეგზისტენციალური სასოწარკვეთილება გახდა ინდიფერენტულობის საწყისი, რაც ანტიარსობრივ თეორიას უკავშირდება.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიცშემ ნიჰილიზმი გამოიკვლია და ახსნა მისი შედეგები ცივილიზაციაზე. როგორც მან იწინასწარმეტყველა, ნიჰილიზმმა გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის კულტურასა და ღირებულებებზე და გაჩნდა მასობრივი შფოთვის, ბრაზისა და ტერორის განცდა. ნიცშეს აზრით, ისტორიისა და თანამედროვე ევროპული კაცობრიობის ცხოვრების ანალიზი მაგალითია იმისა, რომ ტრადიციული წყობილებით შექმნილმა, ჭეშმარიტებად მიჩნეულმა სამყარომ დაკარგა პირვანდელი ძალა ადამიანისთვის. ამ მოსაზრების გამოხატვაა ნიცშეს ყველზე ცნობილი გამოთქმა „ღმერთი მოკვდა“.

ეგზისტენციალური ნიჰილიზმი

იმ დროს, როცა ნიჰილიზმი სკეპტიციზმისა და რელატივიზმის ჭრილში განიხილებოდა, მე-20 საუკუნის მაცხოვრებელთა უმეტესობისთვის ის დაკავშირებული იყო იდეასთან, რომ ცხოვრება უაზროა. ეგზისტენციალური ნიჰილიზმის არსი იწყება შეხედულებით, რომ სამყაროს არ აქვს მიზანი ან დანიშნულება, თავად ეგზისტენცია არის ტანჯვა, გრძნობები კი სრულად სულელური და ცარიელი.

რადგან უბედურებათა რიცხვი ბევრად აღემატება სიამოვნებებს, ბედნიერება შეუძლებელია – ამას ამტკიცებენ ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები და ირიბად სუიციდის პროპაგანდას ეწევიან. რენესანსის პერიოდის მიწურულს, უილიამ შექსპირი მჭევრმეტყველურად აჯამებდა ეგზისტენციალური ნიჰილიზმის პერსპექტივას. მისი ცნობილი ნაწარმოების – ,,მაკბეტის” ბოლო პასაჟში, მთავარი პერსონაჟი სიცოცხლის მიმართ მკვეთრ სიძულვილს გამოხატავს:

ოჰ, შენ ხანმოკლე მანათობელო! გაჰქერ, გაჰქერ!.. სიცოცხლე მხოლოდ ჩრდილი ყოფილა მოარული; ტაკიმასხარა, რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე. სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის, თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით..

მეოცე საუკუნეშივე საფრანგეთში გააქტიურდა ათეისტური ეგზისტენციალური მოძრაობა, რომელიც ეგზისტენციალური ნიჰილიზმის პოპულარულ საკითხად გადაქცევას ცდილობდა. ამ მოძრაობას ჟან-პოლ სარტრი (1905-1980) ედგა სათავეში  ფრაზით – ,,ეგზისტენცია წინ უძღვის არსებობას”. წესები არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა თავის რეალურ ბუნებას მიაგნოს. როცა ილუზიებს განვაგდებთ, ცხოვრება არაფრად იქცევა. ეგზისტენციალისტებისთვის კი არაფერი არა მხოლოდ აბსოლუტური თავისუფლების წყაროა, არამედ ასევე ეგზისტენციალური საშინელება და ემოციური ტანჯვა. არარაობა ყოველ ინდივიდს იზოლირებულ არსებად აქცევს, უცხოპლანეტელად და ურეაქციო წარმონაქმნად, რომელიც სამუდამოდ გამიჯნულია ცოდნისგან – რისთვის არის საჭირო ის ან რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ. ეს სიტუაცია სხვა არაფერია თუ არა აბსურდი. ალბერტ კამიუმ (1913-1960) აბსურდის პერსპექტივა ახლებურად წარმოაჩინა ,,სიზიფეს მითში”, სადაც მთავარი პერსონაჟი მსჯავრდებულის პოზიციაშია და განიცდის მარადიულ და უსარგებლო ტანჯვას. ეს კი ადამიანური ეგზისტენციის მეტაფორაა.

ეგზისტენციალისტების ლიტერატურის მთავარი ხაზი ეს არის ემოციურ წამებასთან გამკლავება და არარაობასთან შეპირისპირება. მათი აზრით, გადარჩენა შესაძლებელია, რასაც ამყარებენ ენთუზიაზმით სავსე ვალდებულებითა და გულგრილი სტოიციზმით. დღევანდელი გადასახედიდან, ეს იყო სასოწარკვეთილებით შეფერადებული მიდგომა, რადგან აბსურდის სამყაროში არ არსებობს არავითარი სახელმძღვანელო და ნებისმიერი ტიპის თავგანწირული ქმედება პრობლემატურად მიიჩნევა. ენთუზიაზმით სავსე ვალდებულებებით რაიმეს შექმნა და მოქმედება – უბრალოდ უაზრო და უმნიშვნელოა.

კამიუ, სხვა ეგზისტენციალისტების მსგავსად, თვლიდა, რომ ნიჰილიზმი მე-20 საუკუნის ყველაზე არასასიამოვნო პრობლემა იყო. მის სადებიუტო რომანში ,,უცხო” (1942), მერსომ უარყო ეგზისტენციალისტური ვარაუდები, რაზეც მას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია. ის ასევე უარყოფს ღმერთის არსებობას და გადაჭრით ამბობს უარს იმქვეყნიური ცხოვრების ილუზიებზე. ,,შავ ჭირში” ვკითხულობთ შემდეგ ციტატას: ,,ადამიანი დიდ უბედურებას ვერ ეთვისება, ამიტომ თავს ირწმუნებს, უბედურება არარეალურია, ეს ცუდი სიზმარია და ქარს გაჰყვებაო, მაგრამ ყოველთვის როდი ქრება. და ამ სიზმრებში ქრებიან ხოლმე ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანისტები.” კამიუს მთელი შემოქმედება მეტყველებს იმაზე, რომ არარაობის განცდით ცხოვრება – უბრალოდ შეუძლებელია.

დასკვნა

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიცშემ ნიჰილიზმი გამოიკვლია. მან ასევე აღწერა ამ ფენომენის გავლენა კაცობრიობაზე. დროთა განმავლობაში ნიჰილიზმის იდეაც სახეცვლილებას განიცდიდა, გაჩნდა მისი ქვე-თეორიები, გაჩნდნენ ახალი ავტორები და ყველა სხვა იდეის მსგავსად, ნელ-ნელა ნიჰილიზმის არსიც გამრავალფეროვანდა. თავად ნიცშე, რომელიც რადიკალი სკეპტიცისტი იყო, მუდმივად ცდილობდა ესწავლა რაღაც ახალი და თავს არ ზოგავდა თვითგანვითარებისთვის. მისი ენა, ცოდნა და სიმართლე პოსტმოდერნისტულ თემებსაც კი ენათესავება. ნიცშეს სწამდა, რომ მძიმე ტანჯვის ფასადაც კი არ ღირდა ნიჰილიზმის იდეასთან ერთად მუშაობა. მისი თეორიების მიღმა ჩანს პრაქტიკული შემოქმედება, ეს კი თავშივე უარყოფს გავრცელებულ მითს, თითქოს ნიჰილისტებს აღნიშნული იდეა თავიანთი სიზარმაცის გასამართლებლად სჭირდებათ. ნიცშეს პირად ცხოვრებაში განცდილი ტრაგედიები, ერთი შეხედვით, იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარი იდეები ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, მაგრამ ნიჰილიზმი ხომ ,,ზედმეტ” ტანჯვასაც გმობს?! პარადოქსია, თუმცა ეგზისტენციალური ნიჰილიზმის უამრავ მიმდევარს იმხელა კვალი აქვს დატოვებული კაცობრიობის კულტურულ, სოციალურ, ფილოსოფიურ თუ ა. შ. ისტორიაში, რომ ისინი პრაქტიკულად ეწინააღმდეგებიან/ებრძვიან საკუთარ თეორიულ მოძღვრებებს.

,,თუ ვერ შეძელით დიდი საქმეების კეთება, განა ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არ ვარგოდით? თუ თქვენ არ ვარგიხართ, განა ნიშნავს იმას, რომ არ ვარგა თვით ადამიანი? და თუ არ ვარგა ადამიანი — რა ვუყოთ, მაინც წინ!” – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე.