თედომ მეგაშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონი მოიგო. პირველი ადგილი მან მეწყვილე ანნა ბირთველიშვილთან ერთად დაიკავა. გამარჯვებულს მთავარი პრიზი – ბინა ბაკურიანში ერგო. თედო ბექაური განსაკუთრებულ მადლობას რამდენიმე ადამიანს უხდის.
„აქამდე პროექტში მონაწილეობა არავის შემოუთავაზებია… მერე ისე მოხდა, რომ ნოე სულაბერიძესთან გადაცემაში ვიყავი და მითხრა, შოუში ხომ არ იცეკვებო? დიდი სიამოვნებით, რატომაც არა-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ამაზე ნაფიქრი მქონდა… ძალიან კარგი, მე ხელს შეგიწყობო… მადლობა ნოეს…
ვფიქრობდი, რამდენად გამომივა-მეთქი, მაგრამ ამასთანავე ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერს ვარჯიშის შედეგად დავხვეწდი. ისე, ქართული ცეკვა უფრო რთულია, ვიდრე სპორტული…. მეწყვილეც კარგი შემხვდა, ანა ბირთველიშვილი. ბიჭები – ირაკლი ძაძამია და რატი გაჩეჩილაძე კარგად მეხმარებოდნენ, მაგრამ სულ ჩემთან ხომ არ იყვნენ და ძირითადად მარტო ვმუშაობდი ხოლმე… ძალიან კარგი ადამიანების გარემოცვაში მოხვდი, ყველა მეხმარებოდა.
ეს 3 თვე იყო უძილო, დაღლილი და კიდურებ-კუნთებ-ძვლებ ნატკენი… მართლა ყველა ძვალი მტკივა, მაგრამ ღირდა… კიდევ რომ ეკითხათ – იცეკვებო? კიდევ ვიცეკვებდი…“ – განუცხადა “ამბებს” თედო ბექაურმა.
ambebi.ge