მთავარი საკითხავი “განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს”- უწმინდესის და უნეტარესის შეგონებანი

“განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს”- უწმინდესის და უნეტარესის შეგონებანი

by guramus

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II – ს შეგონებანი და ცხოვრების გზამკვლევი აზრები.

  • “ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია. სინდისი არის ღვთის ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებებისაკენ. მთავარია, ყური ვუგდოთ მას.”
  • “ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.”
  • “მე ყოველთვის იმედით ვარ აღვსილი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება; მჯერა იმისაც, რომ მიწიერი გაგებით როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უფლისათვის შეუძლებელი არაფერია.”
  • “შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან.”
  • „ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.”
  • “ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.”
  • “საერთოდ, უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს – ორს, ზოგს – ხუთს ან ათს; პასუხისმგებლობაც შესაბამისია: ვისაც ერთი ტალანტი ებოძა, მას ათი ტალანტისა არ მოეთხოვება; მსუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება.”
  • “ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულმ დგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა.”