მთავარი საკითხავი მეფე სოლომონის 50 შეგონება, რომელიც დაგვანახებს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში

მეფე სოლომონის 50 შეგონება, რომელიც დაგვანახებს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში

by guramus

რამდენიმე ათეული საუკუნის წინად, არსებობდა მეფე სოლომონი, რომლის სახელიც სიბრძნესთან იყო გაიგივებული. მან თავისი გენიალური მმართველობით ქვეყანა უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.

ისტორიამ კი, მეფე სოლომონის სახელი ერთერთ ყველაზე ბრძენ, ძლევამოსილ და კეთილ მმართველად შემოგვინახა.

გთავაზობთ მეფე სოლომონის 20 შესანიშნავ სიბრძნეს, რომელიც ცხოვრების არსის გაგებაში დაგვეხმარება.

1. სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად, ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად, ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად, გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა, რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.

2. უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.

3. თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალმაქცი კაცისაგან, სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან.

4. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის
შეძენას და მისი მოსავალი – ხალას ოქროს, მარგალიტზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.

მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.

5. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი. უფალმა სიბრძნით
დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი.

6. ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება.

7. ნუ ეტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს.

8. ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად ცხოვრობს შენთან.

9. ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის.

10. ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას.

11. რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი.

12. აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:

13. ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,

14. ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,

15. ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.

16. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი არის წყრთილებს იცავს.

17. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისაგან მადლს მოიხვეჭს.

18. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.

19. გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.

20. შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება.

21. ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.

22. უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა – სიბრძნეში.

23. რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.

24. არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისაგან.

25. გულწრფელებს თავისი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან.

26. ჭკუათხელი თავის ახლობლებს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.

27. ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება ბრძენი კი რჩევის გამგონეა.

28. ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.

29. გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.

30. საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.

31. სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.

32. მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.

33. ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი კი აბევრებს.

34. ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.

35. ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის.

36. სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.

37. თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია.

38. ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.

39. მშვიდი პასუხი გულიწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.

40. ქატაფშუტას არ უყვარს თავისი მამხლებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა.

41. გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზდოობს.

42. უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში.

43. უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული, ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.

44. ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.

45. თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.

46. კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!

47. შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძულეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.

48. გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.

49. კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია.

50. ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე: გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება.