ყველა კინორეჟისორის მთავარი მისწრაფებაა, შექმნან ორიგინალური ისტორია. კინო ხელოვნების ის დარგია, სადაც თითოეული ნაბიჯი მეორდება, ყოველი ახალი ეპოქა წინას გადამღერებაა. რეჟისორებს ისღა დარჩენიათ, განმეორებადი ისტორიების გადმოსაცემად ორიგინალური გზები ეძებონ. და დიახ, არსებობს უნიკალური რამ, რაც ფილმის ხილვადობის ეფექტს ერთიორად ზრდის: სექსი.
სექსი იყიდება. ის თანამედროვე მედიის უპირობო სტიმულატორია, კომერციული დღის წესრიგი, ან უბრალოდ პიროვნული ზრდა. დღეს გთავაზობთ ეროტიკული და ლამაზი ფილმების სიას, რომლებიც კონსერვატორი მაყურებლის თვალში ,,ძალიან ბევრს ბედავენ”. ზოგისთვის ვულგარობა, ხელოვნებისთვის კი ახალი სიტყვა, შინაგანი სიმშვიდე და ემოციაა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თვალისმომჭრელ შვიდეულზე გადავიდეთ.
1. 9 ½ კვირა / 9 ½ Weeks
ფილმს ზოგჯერ ,,გრეის 50 ელფერის” ორიგინალ ვერსიას უწოდებენ, თავის დროზე მას იმავე კალიბრის გამოხმაურება მოჰყვა.
ქიმია. ძლიერი ფაქტორი, რაც ბევრ ეროტიკულ ფილმს აკლია. თუმცა ეს 9 ½ კვირა-ს არ ეხება. ვერ ვიტყვით, რომ მსახიობები უნაკლოდ ასრულებენ როლს, თუმცა ადრიან ლაინი ქიმიურ ,,ჩარჩოებში” არაჩვეულებრივად ჯდება.
ფილმი არ არის რევოლუციური, მიუხედავად იმისა, რომ 80იან წლებშია გადაღებული, მასში ადამიანის შინაგან დემონებზეა ხაზგასმა. განსაკუთრებულ იდეაზე მეტად ის სხვა რამეს წარმოაჩენს: ადამიანთა თვისებებს.
2. სიყვარული / Love
გასპარ ნოეს 2015 წლის ფილმი. რეჟისორს ურთიერთობათა დინამიკისა და გარდაქმნის წარმოჩენა უფრო სურდა, ვიდრე სექსის, თუმცა პირიქით გამოუვიდა. მიუხედავად მკაფიო სექსუალური სცენებისა, რაც ფილმში უხვადაა, ,,სიყვარული” პორნოგრაფიული ნამუშევრის გარდა ყველაფერია.
მსახიობთა თამაში არცთუ ისე განსაკუთრებულია, მაგრამ ფილმის დასასრულში მათი ემოციური მდგომარეობა მაყურებელზეც გადმოდის და ვიზუალურ ,,გაღიზიანებას”, წრფელი თანაგანცდა ანაცვლებს.
გასპარ ნოე იმდენს აკეთებს, რომ ყურების დროს გვავიწყდება მთავარი პერსონაჟის ბედი, რომელიც უსიყვარულო ურთიერთობაშია გაყინული და მხოლოდ წარსულზე ფიქრობს.
3. მეოცნებენი/The Dreamers
უდავოა, რომ ეს ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე სტილისტურია სამყაროს ნაკლოვანებებზე ხაზგასასმელად, როცა პერსონაჟები თავშესაფარს მხოლოდ ხელოვნებაში პოულობენ და ფრანგულ ახალ ტალღას ეთაყვანებიან.
ბერტოლუჩი ახალი ტალღის რეჟისორებისგან განსხვავებით, ფილმში დებს ახალ დეტალს: სექსუალობას, სიშიშვლეს და ეროტიკულ ინტერესს. ფილმის პერსონაჟებისთვის ეს ნამდვილი რევოლუციაა, ისინი სექსით ცდილობენ აღიარება მოიპოვონ და არსებული რეალობა ირიბად გააპროტესტონ.
4. უკანასკნელი ტანგო პარიზში / Last Tango in Paris
ფრანგული მელოდრამა ლამაზი ფილმების სიაში მხოლოდ პარიზის ქუჩების და პერსონაჟების გარეგნობის გამო თუ შევა. ეს არის მელანქოლიური ამბავი ორ განსხვავებულ ადამიანზე. ისინი, როგორც წყვილი, შეუმდგარი პროექტია. რთულია, უყურო სექსის სცენებს ისე, რომ ბერტოლუჩის მიმართ ზიზღი არ იგრძნო. თუმცა აქ სექსუალური კავშირები მხოლოდ ისტორიას არ გვიყვება, მხოლოდ პერსონაჟებს არ გვაცნობს, ის მისტიურიცაა.
პერსონაჟების განწყობა ფილმში არსებულ კლიმატს ემსგავსება და ორი დაკარგული ადამიანი უცნაურად, მიმზიდველ და სევდიან სანახაობას გვიმზადებს.
5. ფართოდ დახუჭული თვალები / Eyes Wide Shut
ფილმი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება – კუბრიკის გედის სიმღერა. უწესრიგო საზოგადოება, რომლებსაც იმ დროინდელი ადამიანები ქმნიან. ფილმი ერთი შეხედვით მარტივ რეალობას ასახავს, თუმცა სურეალური ეპიზოდები თავს არ გვანებებს.
შინაგანი დემონებისა და სექსუალობის დემონსტრირება აქაც ძალაშია. თითქოს ღრმა და შინაარსობრივი საშინელებათა ჟანრის ფილმსაც გვაგონებს.
ჰიპოთეტური სცენარი გვაჩვენებს, რომ ნარატივში არსებულ სიმართლეს უამრავი ფუძე აქვს, მათი ამოცნობა კი ფილმის ერთი ნახვით, წარმოუდგენელია.
6. ოთახი რომში / Room in Rome
ლამაზი ესპანური დრამა, სადაც 2 ტურისტი ქალი რომში ღამეს ატარებს, აქვთ სექსი და ერთმანეთს ტრავმულ წარსულს უზიარებენ. ფილმი ნამდვილი სექსუალური ოდისეაა, თუმცა მისგან გაცილებით მეტს ვიღებთ – აქ არის ასევე პერსონაჟთა თვითგამოხატვა და საკუთარი პრობლემების ფსიქოანალიზი.
7. ნიმფომანიაკი / Nymphomaniac
დაბოლოს, ლარს ვონ ტრიერის 2013 წლის ორნაწილიანი დრამა. ფილმში წარმოჩენილია ქალი პერსონაჟის სექსზე დამოკიდებულება, ვნება და სექსუალური ჟინი ყველა ფორმითაა გამოხატული. პერსონაჟი საკუთარ ისტორიას თავად ჰყვება, თანაც ისე ახერხებს, რომ მაყურებელს მისი მთლიანად ესმის.
ტრიერისთვის ქალის სექსუალობა უცხო არაა, თუმცაკონკრეტულად ამ ნამუშევარში ერთმანეთს ერწყმის ცხოვრებისეული ფილოსოფია და სექსისადმი უზომო სიყვარული. კარგად ჩანს, რა შედეგი დგება, როცა საზღვრები აღარ არსებობს და ადამიანმა არ იცის, როგორ შეჩერდეს.