მთავარი საკითხავი ჯემალ ქარჩხაძის 10 გენიალური ციტატა

ჯემალ ქარჩხაძის 10 გენიალური ციტატა

by guramus

სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ ქათქათა ტყუილში გაახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის, ცდილობ ყური არ ათხოვო და მაინც გესმის, როგორც საათის წიკწიკი სამარისებულ სიჩუმეში.

ნუთუ არ იცით, რომ ყოველი კაცის ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი წინამავალთა გამოცდილებაა? თეორიული მაქსიმუმი, რაც პიროვნული გენიისთვისაა დარჩენილი, არის ერთი პროცენტი და ვინც ამ ერთ პროცენტს გამოიყენებს, სწორედ ის არის გენიოსი.

კაცის სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არ აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში ისეთი სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებელი თბილი ღიმილით იღიმებიან. ამიტომ ბავშვური გამოუცდელი ხელით გავლებულ პირველ ხაზებს, შესაძლებელია უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვიანდელ კორექტივს, როცა საქმეშ ფარგალი სახაზავი, ფარგალი და გონება შაერევა.

დღეს რომ ყველამ ჩვენ ჩვენ ოჯახებზე ვიზრუნოთ და ის ძაფები, მამა-პაპას რომ ფაქიზად დაურთავს და რუდუნებით შემოუვლია ირგვლივ ჩვენგანისთვის, რათა ქართველობა ერთ ხმა და ერთ პირ ყოფილიყო, ჩვენი უჯიათობითა და მეთვისეობით ისევ დავწყვიტოთ, დრო არ გვაპატიებს. დრო, ჩვენი მთავარი მოკეთეცა და მტერიც, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს, კიდეც გაგვიწყრება და კიდეც დაგვძრახავს, ხოლო შთამომავლობამ, ჩვენი უგულობით გულგაქვავებულმა, ვაითუ ზიზღიც არ გვაღირსოს, ისე გულგრილად გადაუაროს ჩვენს გაპარტახებულ საფლავებს, თითქოს არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს არაფერი გვტკენია.

ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს.

სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.

როცა, ვთქვათ პურს თესავენ, ან სიმინდს, ნოყიერ ნიადაგზე კარგად ხარობს, მწირ ნიადაგზე – ცუდად. ადამიანიც ასეა: მწირ ეპოქაში თვითონაც მწირია და ნაკლებად ავლენს თავის შესაძლებლობებს. უკეთეს ეპოქაში უკეთ ავლენს. – “ქარავანი”

არსებობა ურთიერთობებია, არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თიტქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათები მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი. ეს იმდენად ნათელი და ურყევი აქსიომაა, რომ მის ჭეშმარიტებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს სულის მეტი. სული კი რასაც გვეუბნებიან, თუ სიმართლეს გვეუბნებიან, სიცოცხლესა და სიკვდილს მიღმა დგას და, ამდენად, მატერიალური პასუხისმგებლობა არ აკისრია. – “ქარავანი”

ადამიანს აქვს ერთი ამოუძირკვავი თვისება, რომელიც ხან უძნელებს ცხოვრებას, ხან უიოლებს – მისი სიტყვა და საქმე შორიშორს დგანან ერთმანეთისგან. დედამიწის ზურგზე ჯერ კაცი არ დაბადებულა, რომელსაც მხოლოდ ის ეკეთებინოს, რასაც ფხიზელი გონება და საღი აზრი კარნახობდა. – “ქარავანი”

ყველა რომ ზნემაღალი იყოს, არავინ ლოთობდეს, ქუჩაში არავინ არწყევდეს, არავინ ქურდობდეს, არავინ ცრუობდეს, სიგარეტსაც კი არავინ ეწეოდეს და უკლებლივ ყველანი ზნეობისა და თავაზიანობის განსახიერებად ვიქცეთ, ხომ დაგვიდგა სამოთხე და ხომ მოკვდა ქალაქი მოწყენილობისგან. – “ქარავანი”