დეკანოზი სერაფიმე დანელია ასეთ პოსტს აქვეყნებს:
,,საკმაოდ ფიცხი ხასიათის მქონე არქიმანდრიტი გაბრიელი, მონასტრის წინამძღვრობიდან ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული. რწმუნებულ ეპარქიაში მისმა ფიცხმა ხასიათმა ერთხელ მძიმე განსაცდელი შეამთხვია: მონასტერში ბერებისგან უსიტყვო მორჩილებას შეჩვეულმა ეპისკოპოსმა ვერ აიტანა მღვდლის შეპასუხება და კიბიდან დააგორა… სინოდმა მღვდლის საჩივრის საფუძველზე ეპისკოპოსი გაბრიელი სამი წლით განეყენა ეპარქიის მმართველობისაგან და შეუჩერა მღვდელმსახურება.
დასჯილი ეპისკოპოსი დაუბრუნდა თავის ყოფილ ეპარქიას და რადგან, რამოდენიმე თვეში ყოველნაირი საარსებო სახსარი ამოეწურა, დაიწყო სამსახურის ძებნა. ამის საპასუხოდ ეპარქიის ახალმა ეპისკოპოსმა სამღვდელოებას აუკრძალა მეუფის არა მხოლოდ დასაქმება, არამედ საკურთხეველშიც შეშვებაც… წირვის დროს მრევლში იდგა მეუფე და მათთან ერთად ეზიარებოდა… სამსახურიც მრევლის წევრმა უშოვა: სახლში წაიყვანა და ბაღ-ბოსტნის მომვლელად და დარაჯად დაიყენა… ასე გაიარა სამმა წელმა.
სადამსჯელო ვადის გასვლის შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელს დაუბრუნეს მსახურების უფლება და ჩააბარეს ახალი ეპარქია…
წლების შემდეგ მას ჰკითხეს: ,,მეუფეო, თქვენ საოცრად საინტერესო ცხოვრება გავლეთ, იყავით საქვეყნოდ ცნობილი მამის, კუკშას სულიერი შვილი, მოღვაწეობდით რუსეთის მისიაში წმიდა მიწაზე, მრავალი წელი იყავით ფსკოვო-პეჩორის მონასტრის წინამძღვარი, დღეს ხართ ეპისკოპოსი… თქვენი მოღვაწეობის რომელ პერიოდში გრძნობდით თავს ყველაზე ბედნიერად?”
მცირე ფიქრის შემდეგ მეუფემ უპასუხა: ,, – შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დრო მსახურებიდან განყენების წლებში იყო… მერწმუნეთ, არასდროს ჩემს ცხოვრებაში, ასე ახლოს არ მიგვრძვნია ღმერთი, როგორც მაშინ… თქმა არ უნდა, ძალიან გამიხარდა, როცა მსახურება აღმიდგინეს და ეპარქია ჩამაბარეს, მაგრამ იმ ლოცვას, უფრო ზუსტად კი, იმ სიახლოვეს ქრისტესთან, რომელსაც მე მაშინ, ჩემს ბოსტანში განვიცდიდი, ვერაფერი შეედრება”… მეუფე მცირე ხნით გაჩუმდა და დაამატა: ,, – ძმებო! ნურასოდეს შეგეშინდებათ უფლის სასჯელის! უფალი ხომ, როგორც ღვიძლ შვილებს ისე გვსჯის და არა როგორც ბოროტმოქმედებს”…