მთავარი ჯანმრთელობა რა არის ღამის შფოთვა და როგორ ვაკონტროლოთ ის

რა არის ღამის შფოთვა და როგორ ვაკონტროლოთ ის

by Keti

მათთვის, ვინც დღის განმავლობაში მუშაობს, ღამე იდეალური დროა დასასვენებლად – ეს ეხება განტვირთვას მეცადინეობის, ჰობებისა და გართობებისგანაც. მზის ჩასვლა ნებას გვაძლევს გავექცეთ რუტინას და ვალდებულებებს. ბევრისთვის საღამო საყვარელი დროა. თუმცა ზოგჯერ ღამე გვაიძულებს კვლავ მოუსვენრად ვიაროთ აქეთ-იქით. წუხილი და შფოთვა თავს არაკომფორტულად და ცუდად გვაგრძნობინებს.

ჩვენ გთავაზობთ ღამესთან დაკავშირებული შფოთვის მიზეზებში გარკვევას. გეტყვით, რა იწვევს მათ და მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა.

ღამის შფოთვა

თქვენ იმყოფებით კომფორტულ, ნაცნობ, თბილ ოთახში, წევხართ საწოლზე. რამ უნდა შეგიშალოთ ძილში ხელი? არაფერმა, ასე არაა? მაგრამ საქმე მარტივად არ არის. შესაძლოა ყველაფერი რიგზე არ იყოს. გაურკვეველი მიზეზი ძილს უფრო და უფრო გვაშორებს.

ყველა ვყოფილვართ ასეთ სიტუაციაში და ამის შედეგებიც კარგად ვიცით. მომდევნო დღე რთული იქნება, რადგან კარგად ვერ გამოვიძინეთ. ეს ნამდვილი კოშმარია.

თუმცა არსებობს ამის მოსაგვარებელი გზები.

რა იწვევს ღამის შფოთვას

როცა მზე ჩადის, ზოგჯერ ჩვენი წუხილები ამოდის ზედაპირზე. როცა ვიძინებთ და მარტო ვრჩებით, დღის განმავლობაში დაგროვილი დარდები ჩვენთან ერთადაა. ამასთან გამკლავება რთულია, რადგან ფიქრს ფიქრი ემატება, სადარდებელს – სადარდებელი. შედეგად ძილი შეუძლებელი ხდება.

გთავაზობთ ძილის პრობლემებთან გამკლავების გზებს

1. ეცადეთ გაარკვიოთ რომელი სიტუაცია გიჩენთ შფოთვას

მაგალითად, სამსახურში დაუშვით შეცდომა, იქნებ არცთუ ისე დიდი, მაგრამ თქვენი შფოთვა ამას ბევრად ასერიოზულებს. შედეგად დარდობთ სამსახურთან დაკავშირებულ მომავალზე, იმაზე, რომ თუ გაგაგდებენ ქირას ვერ გადაიხდით და უნდა გადახვიდეთ, მაგრამ სად? როგორ?

პრობლემაზე ირაციონალური ფიქრის ნაცვლად, ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ კონკრეტულ ხელისშემშლელს და მის მოგვარებაზე დაიწყოთ ფიქრი, სანამ დაიძინებთ. ზუსტად დაგეგმეთ, როგორ გადაჭრით აღნიშნულ საკითხს მომდევნო დღით.

2. დაკავებულად ყოფნა დღის განმავლობაში 

როცა მთელი დღე უამრავ ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს ახორციელებთ, ღამით მხოლოდ ერთი არჩევანი გაქვთ: ძილი. დაწექით და მოადუნეთ სხეული და ტვინი. დაღლილობა აუცილებლად მოერევა ფიქრებს და მალე ჩაგეძინებათ. აგრეთვე სასურველია ვარჯიში ან სპორტით დაკავება.

3. შექმენით ძილის რუტინა

ეს ბევრისთვის მოსაწყენია, მაგრამ შესაძლოა დაგეხმაროთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის შევწყვიტოთ საქმის კეთება თუ გართობა და წავიდეთ დასაძინებლად. საჭიროა ეს ჩვევაში გაგვიჯდეს, რათა სხეულიც მიეჩვიოს ამ რუტინას და ჩაძინებაც უფრო ბუნებრივად მოხდეს.

4. იკვებეთ ჯანსაღად

ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვები ძილში ვერ დაგეხმარებათ, არც შაქარი. ეფექტურად ჩაძინებისთვის აუცილებელია მიღებული საკვები მონელებული გქონდეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულსა და ადვილად მონელებად საკვებს.

უარი თქვით ენერგეტიკულ სასმელებზე

ეცადეთ არ მიიღოთ ტკბილი, გაზირებული და კოფეინის შემცველი სასმელები დღის განმავლობაში. უმჯობესია ხშირად დალიოთ წყალი ან თბილი რძე.

6. მოაწესრიგეთ საძინებელი

არეულ საძინებელში ძილისთვის მომზადება უფრო რთულია და ორგანიზმიც ნაკლებად განეწყობა ამისთვის. სჯობს, ყველაფერი დაალაგოთ და მხოლოდ ძილის დროს გაშალოთ ლოგინი.

7. ეცადეთ საწოლი მხოლოდ ძილისთვის გამოიყენოთ

ეცადეთ არ მიირთვათ და არ იმუშაოთ იმ საწოლზე, სადაც გძინავთ, ამისთვის მაგიდაც გამოდგება. თუ ასე მოიქცევით, ღამით სხეული უფრო მარტივად მიხვდება, როდის არის ძილის დრო.

8. გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები

დაკავდით იოგას მსუბუქი ვარჯიშებით ან გააკეთეთ გაჭიმვები ძილის წინ. ეს სხეულს მოადუნებს და განაწყობს დასაძინებლად. არ დაგავიწყდეთ სწორი, ნელი და ღრმა სუნთქვა.

9. გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან

თუ შფოთვის ეპიზოდები ხშირად გაქვთ და ზემოაღნიშნული მეთოდები ვერ გეხმარებათ, დასახმარებლად მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს, რადგან ძილის პრობლემების მიზეზი შესაძლოა უფრო ღრმა იყოს და საჭიროებდეს კომპლექსურ ჩარევას.

თქვენ თუ გაქვთ ძილთან დაკავშირებული სირთულეები? როგორ აგვარებთ ამ საკითხს? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება! ეს სტატია კი აუცილებლად აჩვენეთ თქვენს მეგობრებსაც!