XII.
და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდიდ, წარვიდა და თანაწარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა, და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ. თანადაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველსა წარსავალსა მას გზასა მეცა წარვალ“.
ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე და პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუვარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: „სძალო და მხევალო ქრისტესო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევენ მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „თუ შენ სხუად სახედ, ყრმებრ, არარაჲ ჰქმნე, ღმერთმან მოგიტევნეს შენ“. და ჯოჯიკ ჰრქუა: „მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი-იგი არა რაჲმე სათნო ეყოს ღმერთსა, არა ვქმნე“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ ეგრე ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხოვრებისა შენისათა“.
და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: „მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი. და თუ რაჲმე შეგცოდეთ, ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლისმოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩუენთა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: „ჰყავთ წარმდებად საქმე ესე ჩუენი, რამეთუ არავი იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღელსა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ თჳნიერ შენსა ფრიად დავშუერით, გარნა არა იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ“. მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალ-ღებაჲ წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭკნო და შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტეს მიერ, უფლისა ჩემისა“.
ხოლო იგინი ამას ყოველსა ზედა სიტყუასა მისსა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: „მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუარკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო ქრისტეს ღმრთისაო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „ღმერთმან მოგიტევენინ, რომელ-რაჲ-იგი ჰყავთ“. მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი მისი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი, და ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ: „ესე ყოველი ცხორებაჲ, ვითარცა ყუავილი ველთაჲ, წარმავალ არს და დაუდგრომელ და, ვინ სთესა, მოიმკო, და, ვინ განაბნია გლახაკთათჳს, შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“. და უჯმნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით.
მერმე შომდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ დამოველ და იოანე ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ0იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს, მონა და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა, მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტესისა. მსგავსად მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს ეგრეთვე, რომელნი-იგი გულსმოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ მისთა, სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა, მიჰვედრიდეს ქრისტესა.
და თხოვასა ერთსა ითხოვდეს მისგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი ერთბამად, რაჲთა ბორკილი იგი ფერჴთაჲ ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველითათჳს, რომლისათჳსცა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ, ვითარმედ: „მე რაჲ ვარ, არაღირსი ესე? ხოლო ღმრთისმოყუარებისა თქუენისათჳს ხუცესმან აღავსენ წადილი თქუენი მაგის სახისათჳს. ხოლო მე რაჲმე-რაჲ შემძლებელ ვარ? არამედ ყოვლად სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა, რომელნი-ესე ჩემთჳს მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და ჭირთა და ტანჯვათა. ხოლო მე, საყუარელნო, აჰა, ესერა, წინაგანმზადებულსა მას ჩემსა გზასა წარვალ საუკუნესა. ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარული, სატანჯველთა ამათ წილ – განსუენებაჲ; გუემათა ამათ ჩემთა და თრევათა და შეურაცხებათა – მივემთხჳო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა“. და იგინი, ჯნმულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთჳს დიდებასა ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს. და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს.
გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე