IV.
და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან მან ფარულად და ჰრქუა: „მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს“.
და ხვალისა დღე, ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ, ხუცესთა, და მივედით. და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გვრქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: „რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ შენ ჩემი ხატი დაამჴუ. და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ. და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ ხარ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ. და, თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა!“
ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს.
გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე