VIII.
და ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირჱ სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირჱ სარკუმელი და დაყო იგი. და იყო ბნელსა მას შინა მარხვით და ლოცვით და ტირილით.
და ჰრქუა ვინმე პიტიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ: „ამათ წმიდათა მარხვათა ნუ რას ერტყჳ მას“.
და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფოცს: „გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“ და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: „უფალო, რაჲსა ეგრე იქმ, და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა, და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?“ ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა. და მან ვერღარა იკადრა სიტყუად.
და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკურადი, მიერთრია; და ადგილდ-ადგილდ ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ მოიყვანეს იგი ტაძრად.
და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ. ბოროტებდა და იტყოდა: „აჰა, ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი!“
და ვითარცა სცეს კუერთხსა სამას ოდენ, არა რაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: „უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?!“
და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებაჲ ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენეკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი, და მოკუდეს.
დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ: „მტკიცედ დეგ!“ და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი…“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით.
მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავდა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა.
და მივიდოდა წმიდისა მის თან ამბოხი მრავალი დედებისა და მამაბისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით“. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი მამათა და დედათაჲ, მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ-ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხითა გამოგიღონ“.
გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე