მთავარი კულინარია ახალი წლის სუფრას გაგილამაზებთ: სამი კერძის რეცეპტი, რომელიც სტუმრების აღფრთოვანებას გამოიწვევს

ახალი წლის სუფრას გაგილამაზებთ: სამი კერძის რეცეპტი, რომელიც სტუმრების აღფრთოვანებას გამოიწვევს

by Keti

როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს საახალწლო სუფრა, არომატული ცხელი კერძების გარეშე ის არასრული იქნება. ასევე, ახალი წლის ღამეს, ხორციანი კერძები არის მომავლის კეთილდღეობის სიმბოლო.

გთავაზობთ ცხელი სადღესასწაულო კერძების სამ საუკეთესო რეცეპტს:

გამომცხვარი ხორცი ,,დიპლომატი”

ჩვენს სამეულს მეთაურობს მარადიული კლასიკა: ხორცი ყველის საფარით – გამომცხვარი კარტოფილთან ერთად. გირჩევთ დახარჯოთ ზედმეტი ათი წუთი და მოამზადოთ შინაური სოუსი ,,ბეშამელი”.

ინგრედიენტები:

ექვსასი გრამი ძროხის ხორცი

ერთი კილო კარტოფილი

სამი ან ოთხი ცალი ხახვი

სამი ან ოთხი ცალი პომიდორი

სამასი გრამი მაგარი ყველი

მარილი და პილპილი გემოვნებით

ერთი მწიკვი მუსკატის კაკალი

ერთი სუფრის კოვზი ზეთი

ერთი სუფრის კოვზი პროვანსული ბალახი

სამასი გრამი სოუსი – ,,ბეშამელი”

მომზადება:

გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით ნახევარი სანტიმეტრის სისქის რგოლებად. ხორცი დაჭერით ნაჭრებად და მსუბუქად დაბეგვეთ. ხახვი და პომიდორიც დაჭერით რგოლებად.

საცხობს წაუსვით ზეთი, თანაბარ ფენად დააწყეთ მასზე კარტოფილი, მოაფრქვიეთ მარილი, ასევე პროვანსული ბალახი. შემდეგ დააფინეთ დაბეგვილი ხორცი, მოაყარეთ პილპილი და მუსკატის კაკალი. ხორცს რგოლებად დააფინეთ ხახვი და დაასხით ბაშამელის სოუსი. ზემოდან დააწყეთ პომიდვრის რგოლები.

საცხობს დააფარეთ ფოლგა და შედგით ორას გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, ნახევარი საათით. შემდეგ მოხსენით ფოლგა, უხვად მოაფრქვიეთ გახეხილი ყველი და კვლავ შედგით ღუმელში ათი წუთით.

 

გამომცხვარი ქათამი მშრალი ხილით (ჩირი)

ინგრედიენტები:

ერთი ქათამი (ორ კილომდე)

ნახევარი ჭიქა ორცხობილა

ერთი ლიმონი

ორი ფორთოხალი

ორი ტკბილ-მჟავე ვაშლი

სამი სუფრის კოვზი ქიშმიში

ასი გრამი უკურკო შავი ქლიავი

ორასი გრამი კურაგა

ორი სუფრის კოვზი შაქარი

სამასი მილილიტრი თეთრი ღვინო

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

თითო ფორთოხალს და ლიმონს მოაცალეთ ქერქი, რბილობი გაასუფთავეთ თეთრი გარსისა და კურკებისგან. დაჭერით წვრილად, შეურიეთ ჯამში ორცხობილას, მწიკვ მარილსა და ცედრას. დაამატეთ დარჩენილი ფორთოხლისგან გამოწურული წვენი.

მოამზადეთ ქათამი, გარეცხეთ, წაუსვით მარილი და პილპილი. ციტრუსის ნარევი ქათმის შიგნით მოათავსეთ.

ქათმის ფეხები შეკარით. მოათავსეთ ღუმელში, მკერდით დაბლა, ორას გრადუსზე ორმოცდაათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადააბრუნეთ ფრინველი და აცხვეთ კვლავ ოცი-ოცდაათი წუთი.

ვაშლი გაფცქვენით, ამოაცალეთ კურკები, დაჭერით, დააფინეთ საცხობ ფორმაზე, იქვე მოათავსეთ ქიშმიში, კურაგა, შავი ქლიავი, მოაყარეთ ხილს ორი სუფრის კოვზი შაქარი, დაასხით ღვინო. აცხვეთ ღუმლის ქვედა იარუსზე ოცი-ოცდაათი წუთით ას ოთხმოც გრადუსზე.

მომზადებული ხილიდან გადაასხით სითხე ჭურჭელში, ჩაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ხარშეთ საშუალო ცეცხლზე ოქროსფრის მიღებამდე, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მოასხით ეს სოუსი ხილს, აურიეთ.

ფართო თეფშზე დადეთ ქათამი და გარშემო კარამელიზებული ხილი შემოუწყვეთ.

 

გამომცხვარი კარპი ჩეხურად

ინგრედიენტები:

ერთი დიდი კარპი

ორას ორმოცდაათი მილილიტრი მუქი ლუდი

ერთი ხახვი

ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

ორი სუფრის კოვზი ზეთი

ორმოცდაათი გრამი კარაქი

მარილი და პილპილი გემოვნებით

ერთი ჩაის კოვზი დაფქული კვლიავი

მომზადება:

გაასუფთავეთ თევზი (თავი დატოვეთ), გარეცხეთ და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. ზემოდან ჯვარედინი განაჭერი გაუკეთეთ.

მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაასხით ლუდი და დატოვეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადააბრუნეთ და კვლავ ნახევარი საათი დააყოვნეთ.

ხახვი რგოლებად დაჭერით, მოშუშეთ ზეთში ოქროსფრამდე.

კარპი დადეთ საცხობზე, შიგთავსში მოათავსეთ მოშუშული ხახვი, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კვლიავი. ზემოდან დააფინეთ კარაქის ნაჭრები, დააფარეთ ფოლგა.

შედგით ღუმელში ას ოთხმოც გრადუსზე ორმოცი წუთით. შემდეგ მოხსენით ფოლგა და თევზს მოასხით თავისივე წვენი. დააბრუნეთ ღუმელში ათი წუთით ქერქის  წითლად შეფერვამდე.

გისურვებთ წარმატებას კულინარულ შემოქმედებაში და ბედნიერ ახალ წელს!