ქართული კინემატოგრაფია XX საუკუნის დასაწყისიდან იბრძვის თავის დასამკვიდრებლად, ის უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს. ,,ქრისტინესა” და ,,აკაკი წერეთლის მოგზაურობის” შემდეგ, რომლებიც ქართული კინოს პირველი ნიმუშები იყო, კიდევ უამრავი ცნობილი შედევრი შეემატა ჩვენს ოქროს საცავს. ხელოვნების ყველაზე ახალგაზრდა დარგი კი ქართველი ხალხისთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ ფავორიტ თავშესაქცევად.
საქართველო დღემდე მოკრძალებით ინახავს იმ ნამუშევრების სიას, რომლებმაც თავის დროზე ბევრი მაყურებელი აღაფრთოვანა და რომელთა ყურებაც დღემდე არ მოგვბეზრებია. საკმაოდ რთული საქმე იყო ამდენ ქმნილებაში რამდენიმე რომ ამოგვერჩია, თუმცა ჩვენმა რედაქციამ სხვადასხვა დროის 10 ფილმი მაინც გამოყო. მათ შესახებ, ვფიქრობთ, ყველა ქართველს, და არამხოლოდ, ექნება გაგონილი. ბევრს კი ალბათ ეს შედევრები რამდენჯერმეც კი აქვს ნანახი. კიდევ ერთხელ გადავხედოთ კარგად ცნობილ სიას.
10 ქართული შედევრი
ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანის ეს შესანიშნავი ეკრანიზაცია გულგრილს არავის ტოვებს. ფილმი შვიდსერიანია და გვაჩვენებს საქართველოში არსებულ მრავალ პრობლემას. საქართველო რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშაა, მთავარი პერსონაჟი კი კანონგარეშე ცხოვრებით ცხოვრობს და მუდმივად ემალება რუსეთის მეფის წარმომადგენლებს. ფილმის რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეა, რომელმაც ის 1978 წელს გადაიღო. ნამუშევარი სავსეა ისეთი სამსახიობო ვარსკვლავებით, როგორებიც იყვნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი, დოდო აბაშიძე, თენგიზ არჩვაძე, სესილია თაყაიშვილი, კარლო საკანდელიძე და სხვები.
2. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
ელდარ შენგელაიას ფილმი 1984 წელს გამოვიდა კინო-ეკრანებზე. ნამუშევარი არის რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის ადაპტაცია. ფილმში კომიკურადაა ასახული საბჭოთა ბიუროკრატია, ქაოსი და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარების პრაქტიკა. სიუჟეტი ერთდროულად ღიმილსაც ჰგვრის მაყურებელს და თან ახსენებს, თუ რა ვიწრო და ჩაკეტილ ყოფაში უწევდათ ადამიანებს ცხოვრება სსრკ-ს დროს.
3. ნატვრის ხე
გიორგი ლეონიძის მოთხრობის ეკრანიზირება 1976 წელს განახორციელა თენგიზ აბულაძემ. მისი სიუჟეტი თითქმის ყველა ადამიანში ერთდროულად აღძრავს ემპათიის, სევდის, უიმედობის, უსამართლობისა და სხვა ნეგატიური ემოციების განცდას.
4. არაჩვეულებრივი გამოფენა
ელდარ შენგელაიას ნამუშევარი მეორედ ამშვენებს ამ სიას. ფილმი 1968 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ხელოვანი ადამიანის გარდამავალი შემოქმედებითი ეპიზოდები და მისი ოჯახური დრამა მაყურებლამდე პოზიტიური და კომედიური სტილითაა მიწოდებული.
5. ჯარისკაცის მამა
რეზო ჩხეიძისა და სულიკო ჟღენტის ეს ნამუშევარი 1964 წელს იქნა გადაღებული. მთავარ როლში სერგო ზაქარიაძეა, რომლის შესრულებამაც ყველა მაყურებელი აღაფრთოვანა. მან თითქოს იცხოვრა ფილმთან ერთად და ბოლომდე შეისისხლხორცა მისი შინაარსი. ფილმს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა მაშინდელი საბჭოთა რეჟიმისგან, სანამ ის ეკრანებზე გამოვიდოდა. საბოლოოდ კი, შეუცვლელი ადგილი უჭირავს განუმეორებელი ქართული ფილმების სიაში, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია.
6. მონანიება
თენგიზ აბულაძეც კვლავ მეორედ ვახსენეთ. ეს კი მისი ტრილოგიის ბოლო ნაწილის დამსახურებაა. რეჟისორმა ,,მონანიება” 1984 წელს გადაიღო. ფილმს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი აქვს მიღებული. თავდაპირველად ამ ფილმის გამოსვლასაც დიდი წინააღმდეგობით შეხვდნენ და მისი კადრები არალეგალური გზით ვრცელდებოდა. წინააღმდეგობა გამოწვეული იყო ფილმის სიუჟეტში არსებული მკაცრი კრიტიკითა, რომელიც საბჭოთა კავშირისკენ იყო მიმართული და მათი დიქტატურის გაშიშვლებით.
7. იყო შაშვი მგალობელი
ოთარ იოსელიანის 1970 წელს გადაღებული დრამა ერთ გზააბნეულ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარი თავი ვერ იპოვა. მისი ყოველი ნაბიჯი გაუაზრებელია და უმნიშვნელო, ყოფითი ცხოვრება არაფრისმომცემობაში გადის. მთელი სიუჟეტი და ფილმის ფინალი ნათლად გვიხატავს იდენტობის კრიზისის სიმძიმეებს ერთი კონკრეტული ადამიანის მაგალითზე.
8. მაგდანას ლურჯა
თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის 1955 წლის ფილმი. ეკატერინე გაბაშვილის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ფილმში რეჟისორმა ნაწარმოებისგან განსხვავებული ფინალი შემოგვთავაზა. 1956 წელს “მაგდანას ლურჯამ” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მიიღო.
9. დიდი მწვანე ველი
დოდო აბაშიძის სამსახიობო ოსტატობა ამ ნამუშევარში იდეალურად ჩანს. მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი 1967 წელს გამოვიდა, სადაც გლეხი სოსანასა და მისი ოჯახის ისტორიაა აღწერილი. ფილმმა მიიღო დიპლომი საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის და მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის 1968 წლის ერევნის კინოფესტივალზე.
10. ტბა
ფილმი ჩამოთვლილებიდან ყველაზე ახალია, ის 1998 წელს კახა კიკაბიძემ გადაიღო. ეს ნამუშევარი ყველა ასაკის მაყურებელს შოკში აგდებს. მოზარდის ისტორია, რომელიც მამის სიკვდილს შეესწრო და შემდეგ ახალ სკოლაში, ახალ გარემოში, ის ძალმომრეობითი ქმედებებით ცდილობს თავის დამკვიდრებას და მისი ცხოვრება არაპროგნოზირებადი და სახიფათო ხდება.
ეს იყო ფილმები, რომლებიც ამ ეტაპზე გამოვარჩიეთ. მოგვიანებით ფილმებთან დაკავშირებულ სხვა ტიპის სტატიებსაც შემოგთავაზებთ, რათა ქართული კინოს გახსენება ამით არ ამოვწუროთ.
გაგვიზიარეთ კომენტარებში, როგორი სახის ფილმებზე გსურთ, რომ ვწეროთ.