მთავარი კულინარია ვხეხავ 200გრ სტაფილოს და ვამზადებ ტორტს და ჩაის ჩემი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

ვხეხავ 200გრ სტაფილოს და ვამზადებ ტორტს და ჩაის ჩემი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

by guramus

სტაფილო რომ ძალიან სასარგებლოა და მდიდარია ბეტა კაროტინით, ამის შესახებ ყველამ იცის. ჩვეულებრივი ბოსტნის სტაფილო უამრავ საიდუმლოს მალავს. ევროკავშირის ქვეყნებში სტაფილო აღიარებულია, როგორც ხილი. პორტუგალიელები მისგან მურაბას ამზადებენ და ამდენად ამ აღიარებას ეკონომიკური ინტერესიც აქვს.

დღეს გთავაზობთ სტაფილოსგან დამზადებული უჩვეულო დესერტების რეცეპტებს.

სტაფილოს უგემრიელესი ტორტი

აქ სტაფილო ყველგანაა. ის შედის ბისკვიტში, ასევე კრემიც სტაფილოს ჯემის სახითაა.  მოსართავი კი საკმაოდ ორიგინალურია, ის სტაფილოსგან მომზადებული ბაფთის ფორმისაა.

მიუხედავად მომზადების სიმარტივისა, ტორტი შთამბეჭდავია წვნიანი სტაფილოს, ნიგვზისა და მომჟაო არომატული კრემის ჰარმონიული ერთობლიობის გამო. მოამზადეთ ეს ტორტი სტუმრებისთვის და ისინი აღტაცებულები დარჩებიან, გარწმუნებთ.

ინგრედიენტები

  • 200 გ გახეხილი სტაფილო
  • 3 ცალი სტაფილო ჯემისა და ბაფთისათვის
  • 100 მლ ზეთი
  • 3 კვერცხი
  • 150 გ ფქვილი
  • 500 გ ცხიმიანი არაჟანი
  • 50 გ დაქუცმაცებული ნიგოზი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ. კ. დარიჩინი
  • 500 გ შაქარი
  • 1 პაკეტი ნაღების გამასქელებელი
  • 1/4 ჩ. კ. მუსკატის კაკალი
  • 1/2 ჩ. კ. დაფქული იმბირი
  • 1 ლიმონი
  • შაქრის პუდრა
  • 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა

მომზადება

1. სტაფილო გაფცქვენი და გახეხე წვრილ სახეხზე.

2. ფქვილს შეურიე საკმაზი და გამაფხვიერებელი. გაცერი.

3. სტაფილოს დაამატე ზეთი და აურიე.

4. კვერცხი და 200 გრამი შაქარი ათქვიფე სქელი ქაფის მიღებამდე. ამ  მასის მესამედი შეურიე სტაფილოს და ფქვილს. შემდეგ ფრთხილად შეურიე დარჩენილი კვერცხის მასა, დაამატე ნიგოზი და კვლავ აურიე.

5. საცხობ ფორმაში ჩააფინე პერგამენტის ქაღალდი, ჩაასხი მასში ცომი და გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მომზადებამდე.

6. მოსართავად განკუთვნილი სტაფილო გაფცქვენი და დაჭერი თხელ ფირფიტებად ბოსტნეულის სათლელის საშუალებით.

7. მოხარშე სეროფი 200 გ შაქრისა და 200 მლ წყლისგან.

8. სტაფილოს ფირფიტები ჩაყარე მდუღარე სეროფში და ხარშე 3-4 წუთი. ყოველი ახალი პარტიის ჩაყრამდე სეროფს დაამატე 1 ს. კ. შაქარი და წამოადუღე.

9. შემდეგ სტაფილოს ფირფიტები დააწყე სილიკონის დასაფენზე და შედგი 160 გრადუსზე 3-5 წუთით, გამოშრობამდე.

10. ჯერ ისევ ცხელი ფირფიტებისგან, სანამ ისინი გაციებასთან ერთად გახმება, გააკეთე ბაფთები და დაალაგე გასამაგრებლად ფოლგაზე.

11. დარჩენილი სტაფილოსგან მოამზადე ჯემი. ამისთვის სტაფილო გახეხე და მოხარშე დარჩენილ სეროფში დარბილებამდე. თან დაამატე 1/2 ლიმონი. შემდეგ გადაწურე ზედმეტი სეროფის მოსაშორებლად.

12. არაჟანი მოათავსე საწურზე, რომელსაც ჩაფენილი აქვს მარლის 3-4 ფენა და დატოვე მაცივარში მთელი ღამე. გემოვნებით დაამატე შაქრის პუდრა,  ლიმონის წვენი და ნაღების გამასქელებელი. ათქვიფე მიქსერით საშუალო სიჩქარეზე. შემდეგ მოათავსე საკონდიტრო ტომარაში.

13. ბისკვიტი დაფარე კრემით. შუაში მოათავსე სტაფილოს ჯემი, ზემოდან კი მორთე სტაფილოს ბაფთებით.

14. მზა ტორტი დადგი სიცივეში და დააყოვნე. გემრიელად მიირთვით!

ამ ტორტს ძალიან მოუხდება სტაფილოს ჩაი. თუმცა დამოუკიდებლადაც ორივე შესანიშნავია.

სტაფილოს ჩაის მომზადების ხერხები

მშრალი სტაფილოსგან მომზადებული ჩაი

  1. პატარა ჩაიდანს გამოავლე მდუღარე წყალი.
  2. ჩაყარე 2 ს. კ. მშრალი დაქუცმაცებული სტაფილო.
  3. დაასხი ერთი ჭიქა მდუღარე წყალი.
  4. დააფარე ჩაიდანს და შეფუთე. დატოვე 20 წუთი.

სტაფილოს ახმობენ ასე: მას რეცხავენ, ამშრალებენ, ხეხავენ სახეხზე და აშრობენ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. მზა პროდუქტს ინახავენ ნაჭრის ტომსიკებში ან თუნუქის ყუთებში.

სტაფილოს ფესვების ჩაი

  1. შეურიე ერთმანეთს თითო სუფრის კოვზი ფესვი და გამხმარი სტაფილო.
  2. ჩაყარე პატარა ჩაიდანში და დაასხი 1 ჭიქა  მდუღარე წყალი.
  3. შეფუთე და დატოვე ასე 30 წუთი.

სტაფილოს ფესვებს აგროვებენ ზაფხულში. მას ჭრიან და აშრობენ ჰაერზე ან ღუმელში. ინახავენ კარგად დახურულ მინის ჭურჭელში.

სტაფილოს ჩაი არომატული და სასიამოვნო სასმელია, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. მას შაქარი არც კი სჭირდება. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი. სასიამოვნო დასალევია როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით. ძალიან უხდება პიტნა, ასევე მოცხარის ფოთლები.

საინტერესო ფაქტია, რომ თავდაპირველად სტაფილო ნარინჯისფერი კი არა, არამედ იისფერი იყო. ცნობილი ფერის ჯიში გამოიყვანეს ჰოლანდიაში მე-16 საუკუნეში.

გემრიელად მიირთვით და ეს ორიგინალური რეცეპტები გაუზიარეთ მეგობრებსაც!