მთავარი კულინარია მოამზადეთ უგემრიელესი ფრანგული ორცხობილა, რომელსაც ძალიან უხდება სახლის იოგურტი და გარგარის ჯემი

მოამზადეთ უგემრიელესი ფრანგული ორცხობილა, რომელსაც ძალიან უხდება სახლის იოგურტი და გარგარის ჯემი

by guramus

ეს ლეგენდარული ორცხობილა აუცილებლად უნდა გქონდეთ გასინჯული. იგი ხომ საოცრად გვაგონებს ძველი პარიზის ქუჩებს. თითოეული შეჭმული ორცხობილა – მოკლე გასეირნებაა პარიზში. თუმცა თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მისი მირთმევისას შეჩერება შეუძლებელია. მოსამზადებლად მარტივია, შესაჭმელად კი –  თვალსადახელშუა ქრება.

ინგრედიენტები

  • 25 გ ფქვილი
  • 25 გ კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 კვერცხის ცილა
  • 50 გ შაქარი
  • 50 გ შაქრის პუდრა

მომზადება

1. ქვაბში გაადნე კარაქი და ფრთხილად გადაასხი თასში ისე, რომ თეთრი ნაწილაკები ქვაბში დარჩეს.

2. ერთმანეთს შეურიე ფქვილი, შაქარი, პუდრა, კვერცხი და ცილა. ათქვიფე სათქვეფით და თანდათან დაამატე კარაქი.

3. მიღებულ მკვრივ და თხევად ცომს დააფარე საკვები ცელოფანი და შედგი მაცივარში ნახევარი საათით.

4. საცხობს ჩააფინე პერგამენტი. აიღე ნახევარი ჩაის კოვზი ცომი და დადე ქაღალდზე. ცხიმში დასველებული კოვზით გააკეთე ბრტყელი წრეები.

5. გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 5-7 წუთით.

6. ორცხობილა გამოიღე ცხელი და მიეცი სასურველი ფორმა.

ფრანგული ორცხობილა ძალიან გემრიელია იოგურტთან და რძესთან ერთად, ასევე რაიმე ჯემით, მაგალითად გარგარის.

გთავაზობთ მათ რეცეპტებსაც, რადგან ნაყიდ იოგურტს სახლში მომზადებული ნატურალური სჯობს. ასევეა ჯემის შემთხვევაშიც. არ არის სჭირო კონსერვანტებიანი და დანამატებიანი პროდუქტების შეძენა მაშინ, როცა თავად უფრო გემრიელს და სასარგებლოს  მოამზადებ და გაცილებით ნაკლები დანახარჯით.

სახლში მომზადებული იოგურტი

იოგურტს  შეუცვლელი ადგილი უკავია სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მზა ნაყიდ იოგურტს სახლში მომზადებული გაცილებით სჯობს სარგებლიანობის თვალსაზრისით. სულ ორი ინგრედიენტი და მომზადების მარტივი მეთოდი  ამ პროდუქტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. იოგურტი ეხმარება უჯრედისს უკეთ შეთვისებაში, აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას, აიოლებს საჭმლის მონელებას, ებრძვის ჭარბ წონას.

ინგრედიენტები

  • 1 ლ რძე
  • 2 ს. კ. ”დედა”

მომზადება

  1. რძე გაათბე 40 გრადუსამდე.
  2. გადაასხი რძე თერმოსში, დაამატე ნატურალური დედა, აურიე. დაახურე  თავზე და დატოვე 6 საათით. მზადაა!

თუ იყენებ არაპასტერიზებულ ნატურალურ რძეს, ჯერ წამოადუღე და შემდეგ გააციე საჭირო ტემპერატურამდე. მომზადების შემდეგ იოგურტი ჩაასხი მინის ქილაში და შეინახე მაცივარში. თუ ხშირად მოამზადებ, წინა ჯერზე მომზადებული იოგურტიდან მცირე ნაწილი შეინახე ”დედის” სახით.

გარგარის ჯემი ფორთოხალთან ერთად

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფრანგულ ორცხობილას ძალიან უხდება ჯემებიც, მათ შორისაა ამ სეზონის უგემრიელესი ხილის – გარგარის ჯემი. დღეს გთავაზობთ  ნუგბარის ორიგინალურ რეცეპტს: ორი ულამაზესი და კაშკაშა ხილი კომბინაციაში ნამდვილ ”ოქროს ჯემს ” ქმნის.

ინგრედიენტები

  • 1,2 კგ გარგარი
  • 750 გ შაქარი
  • 3 ცალი ფორთოხალი
  • 1 ს. კ. ლიმონის წვენი

მომზადება

  1. გარგარი გარეცხე, გადაარჩიე, გამოაცალე კურკები და ჩაყარე სქელძირიან ქვაბში.
  2. ფორთოხალიც გარეცხე, ჩააწყე თასში, დაასხი მდუღარე წყალი და დატოვე რამდენიმე წუთით. შემდეგ შეამშრალე ქაღალდის ხელსახოცით. კანი გახეხე წვრილ სახეხზე, რბილობს მოაცილე თეთრი კანი, დაყავი ლებნებად, მოაცალე აპკი და კურკები, დაჭერი მსხვილად და ჩაყარე ქვაბში გარგართან.
  3. ლიმონის წვენი და შაქარიც მოათავსე ქვაბში, აურიე კარგად, დადგი ცეცხლზე, მიიყვანე ადუღებამდე და ხარშე დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. პერიოდულად ურიე.
  4. ქვაბი გადმოდგი ცეცხლიდან. ბლენდერის დახმარებით აქციე პიურეს მასად, კვლავ დადგი ცეცხლზე და ხარშე ისევ 15 წუთი.
  5. ცხელი ჯემი ჩაასხი გასტერილებულ ქილებში, მოხუფე, გადააბრუნე და შეფუთე. დატოვე ასე გაციებამდე.

რჩევა: თუ გიყვარს მრავალფეროვანი გემოები, ხარშვისას ჯემს დაამატე ერთი მუჭა დაქუცმაცებული ნიგოზი, ხოლო ხარშვის ბოლოს – 100 მლ კონიაკი. გამოდის უჩვეულო, მაგრამ ძალიან გემრიელი დესერტი.

დარწმუნებული ვარ, ეს საინტერესო რეცეპტები ძალიან მოგეწონათ. თუ ასეა, გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებსაც სოცქსელში.