მთავარი კულინარია 13 კატლეტის რეცეპტი: თქვენთვის შერჩეული კრებული

13 კატლეტის რეცეპტი: თქვენთვის შერჩეული კრებული

by guramus

კატლეტი სახლში მომზადებული გამორჩეული კერძია. დღეს ის ბევრი რესტორნის მენიუშია, რადგან ადამიანთა უმრავლესობა ხორციან კატლეტზე გიჟდება. თუმცა კატლეტის ძალიან ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. არსებობს ერთი ხრიკი, რომელიც კერძს კიდევ უფრო არომატულს ხდის.

სახლის კატლეტები ადვილად მზადდება, გამოდის გემრიელი და ჰაეროვანი. მთელი საიდუმლო არის ერთი ინგრედიენტის დამატებაში. ჩვენ გთავაზობთ უგემრიელესი კატლეტის მომზადების წესს.

1
კატლეტები პურით

კატლეტი

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ფარში
  • ერთი ცალი ბატონი ან შავი პური
  • ერთი ხახვი
  • შავი პილპილი
  • მარილი
  • ნიორი
  • ზეთი

მომზადება

1. ჩაალბეთ წყალში პურის გული 1-2 წუთით და გაწურეთ. ამ ინგრედიენტის წყალობით კატლეტი არ დაიშლება, გემო კი საოცარი ექნება.

კატლეტი

2. საუკეთესოა, რომ ფარში მოამზადოთ საქონლის ხორცისგან ან დაამატოთ ღორის ხორცი. დაამატეთ ფარშს გაწურული და დამბალი პური. გახსოვდეთ: პურმა უნდა შეადგინოს ფარშის წონის 40%.

3.გაატარეთ ხახვი ხორცსაკეპში და დაამატეთ ის ფარშს. ასევე დაამატეთ მარილი, ნიორი (სურვილის მიხედვით) და სანელებლები. ყველაფერი კარგად აურიეთ. შედგით ფარში მაცივარში ერთი საათით.

4. ერთი საათის შემდეგ ფარში გამოიღეთ და მიეცით ფორმა კატლეტებს. შეწვით ის ზეთში.

5. გემრიელად მიირთვით!

ეს რეცეპტი დიდი ხანია არსებობს და მისით იმედგაცრუებული არავინ დარჩენილა. შეგიძლიათ ფარშს წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სტაფილო ან ყაბაყი დაამატოთ, ასე კატლეტს უფრო პიკანტური გემო ექნება.

2
კატლეტი პურის გარეშე

თითქოს კატლეტის განსხვავებული რეცეპტის პოვნა რთული უნდა იყოს. თითოეულ დიასახლისს თავისი ნიუანსები აქვს ამ კერძის მომზადებისთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი ამოუწურავია. დღეს შემოგთავაზებთ ისეთი კატლეტის რეცეპტს, რომლის მსგავსი აშკარად არ გექნებათ გასინჯული. გემოთი ოდნავ ლულა- ქაბაბს ჰგავს, თუმცა ის მზადდება სახლის პირობებში ტაფაზე. მოკლედ, აუცილებლად უნდა მოამზადოთ კატლეტი პურის გარეშე და შემდეგ გასინჯოთ თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებმაც.

როგორ შევწვათ კატლეტი პურის გარეშე

ინგრედიენტები ფარშისთვის

  • ორი კგ ღორის ხორცი
  • ერთი კგ ხახვი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • სამი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ჩ. კ. შავი დაფქული პილპილი
  • ახალი მწვანილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად
  • ფქვილი

ინგრედიენტები ხახვის მარინადისთვის

  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი ტოტი კამა
  • სამი ს. კ. ძმარი
  • სამი ს. კ. წყალი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

1. კატლეტისთვის უმჯობესია შეარჩიო საშუალო ცხიმიანობის ღორის ხორცი. ხახვი და ხორცი გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ შეურიე ერთმანეთს.

2. ფარშში შეურიე წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი. შეგიძლია დაამატო ასევე შენი საყვარელი საკმაზი გემოვნებით. კარგად აურიე, რომ საკმაზი ერთ ადგილას არ დაგროვდეს.

3. ფარშში შეათქვიფე ერთი ცალი კვერცხი. იგი უკვე მზად არის! მთავარი და განსხვავებული ნიუანსი ის არის, რომ ამ ფარშს  პურს არ ვამატებთ. ასეთ ფარშს იყენებენ ლულა ქაბაბის მოსამზადებლად და მისგან მომზადებული კატლეტიც ძალიან გემრიელი გამოდის.

4. ფარში კარგად უნდა მოზილო და მისგან კატლეტები გააკეთო.  ხის დაფაზე ან დიდ თეფშზე დაყარე ცოტა ფქვილი და ამოვლე მასში ხორცის ბურთულები. ხოლო შემდეგ ჩაალაგე გახურებულ და ზეთიან ტაფაში. კატლეტი ზუსტად 7-7 წუთი უნდა შეწვა ორივე მხრიდან.

5. სანამ კატლეტი იწვება, მოამზადე ხახვის მარინადი. ის ძალიან უხდება კატლეტს. ამისთვის პატარა ჭურჭელში შეურიე ძმარი და წყალი. ამ მარინადში ჩააწყე რგოლებად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი კამა. დადგი ცოტა ხნით.

6. როცა კატლეტი შეიბრაწება ორივე მხრიდან, ამოიღე ტაფიდან. ასე ის გამოდის ძალიან წვნიანი და გემრიელი, თუმცა შეგიძლია უფრო ხანგრძლივადაც შეწვა, თუ უფრო კარგად დაბრაწული გიყვარს. მზა კატლეტი დაალაგე დიდ თეფშზე და ზემოდან მოაყარე ხახვის მარინადი. შეგიძლია უკვე მიიტანო სუფრასთან!

აი, ასეთი მარტივი და გემრიელი კატლეტის რეცეპტი შემოგთავაზეთ დღეს. რეცეპტის ზუსტად დაცვის შედეგად, კატლეტი გამოდის მაქსიმალურად გაჯერებული და წვნიანი. როცა მას ამზადებ, მთელი დღე სახლში მწვანის სუნი დგას. როგორც უკვე აღვნიშნე, გემოთი ეს კატლეტი ძალიან ჰგავს ლულა ქაბაბს, ხოლო ხახვის მარინადთან ერთად თუ მიირთმევ, მისგან საერთოდ ვერც განასხვავებ. უბრალოდ გასინჯე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოგეწონება!

მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ, მოგვიყევით თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ კომენტარებში!

3
წვნიანი კატლეტი გარსში

კატლეტი ერთნაირად უყვართ როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს. მას სხვადასხვა მეთოდით ამზადებენ, თუმცა ბოლოს ყველა მაინც ერთნაირი გამოდის, თუნდაც ვიზუალურად. ჩვენ განსხვავებულ და საინტერესო რეცეპტს შემოგთავაზებთ. მოაამზადე მის მიხედვით და გააოცე შენი ახლობლები.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ კარტოფილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 4 ს. კ. ფქვილი
  • ორი კბილი ნიორი
  • ერთი თავი ხახვი
  • ნახევარი კგ ღორის ფარში
  • ასი გ კარაქი
  • ზეთი საჭიროების მიხედვით
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ნიორი და მწვანილი დაჭერი წვრილად. დაამატე დარბილებული კარაქი და ჩაჭყლიტე ჩანგლით. მიღებული მასა შეახვიე საკვებ პარკში და შედგი საყინულეში ნახევარი საათით.

2. წვრილად დაჭრილი ხახვი დაამატე ფარშს, დააყარე მარილი და პილპილი და კარგად აურიე.

3. ფარშისგან მოამზადე ათი ერთნაირი ბურთულა.

4. გაყინული კარაქი გაყავი ათ ტოლ ნაწილად და თითოეული მოათავსე ხორცის ბურთულაში. შემდეგ მიეცი კატლეტის ფორმა.

5. უმი კარტოფილი გახეხე წვრილ სახეხზე. ზედმეტი წვენი გადაღვარე და დაამატე ერთი კვერცხი, მარილი, პილპილი და ფქვილი. კარგად აურიე.

6. კარტოფილის მასაში ჩადე ხორცის ბურთულა და შემოახვიე მთლიანად.

7. შეწვი ცხელ ზეთიან ტაფაზე კარტოფილის დაბრაწვამდე.

8. შემდეგ გადაიტანე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე და შედგი 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით.

უკვე მზად არის! ერთხელ მაინც  მოამზადე კატლეტი მსგავსი მეთოდით და მას ვეღარასოდეს შეელევი.

4
კატლეტი ქათმის ფარშითა და კომბოსტოთი

ზაფხულის სიცხესთან ერთად სულ უფრო მატულობს მსუბუქი კერძების მომზადებისა და მირთმევის სურვილი. ბოსტნეულის სიუხვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ის გამოვაცხოთ, დავამატოთ სალათებში და ხორციან კერძებში.

გთავაზობთ ერთგვარ ექსპერიმენტს, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მოამზადოთ ჰაეროვანი კატლეტები კომბოსტოს დამატებით. ეს კერძი მოეწონებათ მათაც, ვინც ცდილობს ფიგურას გაუფრთხილდეს საზღვაო სეზონის წინ. კატლეტები მზადდება ყოველგვარი პურისა და ფქვილის გარეშე.

ქვემოთ მოცემული ინგრედიენტების რაოდენობით თქვენ გამოგივათ დაახლოებით 12 ცალი კატლეტი.

ინგრედიენტები

  • 600 გ ქათმის ფარში
  • 200 გ თეთრი კომბოსტო
  • 80 გ ხაჭო
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ნახევარი კონა კამა
  • ნახევარი ჩ. კ. ნივრის ფხვნილი
  • ნახევარი ჩ. კ. ხმელი სუნელი
  • მარილი და პილპილი

მომზადება

1. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ ქათმის ფარში, მარილი, ნიორი, ხმელი სუნელი და შავი პილპილი.

2. გარეცხეთ და შეაშრეთ ნორჩი კომბოსტო, შემდეგ წვრილად დაჭერით. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ხაჭო და კვერცხი. მიღებული ნარევი დაუმატეთ ფარშს.

3. ხორცს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და კომბოსტო. კარგად აურიეთ.

4. სველი ხელებით მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები. დაალაგეთ ისინი პერგამენტიან საცხობზე ერთმანეთისგან მცირე დაშორებით.

5. საცხობი შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით. თუ გსურთ კატლეტი გამოვიდეს უფრო წვნიანი, ფილეს ნაცვლად გამოიყენეთ ხორცი.

დატკბით მომზადების პროცესითა და მისი შედეგით! გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის!

5
როგორ მოვამზადოთ იდეალური საკატლეტე ფარში

კლასიკური ფარშის რეცეპტი

1. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველა დიასახლისმა – არის ის აქსიომა, რომ კარგი კატლეტი – ეს არის კარგი ფარში. თუ მომავალი კატლეტისთვის მესამე ხარისხის ხორცს შეიძენ, გემრიელი კერძის მიღების იმედი ნუ გექნება.

2. ერთი კგ ხორცისთვის უნდა აიღო ორი ან სამი საშუალო ზომის თავი ხახვი, ოთხი მსხვილი ნივრის კბილი და მესამედი თეთრი ბატონი პური. მარილი და პილპილი მზა ფარშს დაამატე გემოვნებით.

3. ხორცის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭე ხბოს ხორცს და არა გადაბერებულ ძროხის ხორცს. როგორც ვარიანტი – თანაბარი რაოდენობით აიღე საქონლისა და ღორის ხორცი. თუ მხოლოდ ღორის ხორცით მოამზადებ, კატლეტი ძალიან ცხიმიანი გამოვა, რაც არც ისე კარგად აისახება ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე.

4. ფარშის მომზადებასაც აქვს თავისი ხრიკები. აიღე ცოტა დაძველებული ბატონი პური და ჩაალბე რძიან ან წყლიან თასში. შემდეგ გაწურე და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარე ნიორთან, ხახვთან და დაჭრილ ხორცთან ერთად.

5. დაქუცმაცების ხარისხი არ განაპირობებს კატლეტის გემოს. აქ საქმე მართლაც გემოვნებაშია: ზოგს უყვარს  ორჯერ ან სამჯერ გატარებული ხორცის კატლეტი, ზოგს კი დაბეგვილი ხორცით მომზადებული ურჩევნია.

6. დიასახლისების უმრავლესობა ხორცის ფარშში ამატებს კვერცხს ან მანის ბურღულს, იმისათვის, რომ კატლეტმა შეინარჩუნოს თავისი ფორმა, თუმცა აღნიშნული ინგრედიენტების დამატებით კერძი უფრო მაგარი კონსისტენციის გამოდის. ამ მიზნით უკეთესია ფარში დაბეგვო ორი ან სამი წუთის განმავლობაში. მაშინ მას არ დასჭირდება კვერცხი ან მანის ბურღული და კატლეტიც უფრო სწორი და გლუვი გამოვა და არასოდეს დაიშლება შეწვის დროს.

7. შეწვამდე კატლეტი შეგიძლია ამოავლო ფქვილში ან საფანელში.

8. და ბოლოს, თუ გაქვს საშუალება, უმჯობესია მოამზადო მეტი ფარში. ის კარგად ინახება საყინულეში. ამიტომ შეგიძლია ფარში დაყო პორციებად და გაყინო, შემდეგ კი საჭიროებისამებრ გამოიყენო.

ქათმის კატლეტი

1. ქათმის კატლეტიც ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის უმჯობესია შეარჩიო დიდი წონის ქათამი. გააცალე ასეთ ქათამს კანი, გააცალკევე ხორცი ძვლებისგან და გაატარე ხორცსაკეპში. ფარში შეურიე წინასწარ რძეში ჩამბალ თეთრ პურს და კიდევ ერთხელ გაატარე ხორცსაკეპშ მანქანაში. ამ ნაზ ფარშს დაამატე მარილი, კარაქი და კარგად აზილე ხის კოვზით. შემდეგ მიეცი კატლეტის ფორმა და ფრთხილად ამოავლე საფანელში. კატლეტი შეწვი გახურებულ ზეთში ორივე მხრიდან. შემდეგ შედგი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში ხუთი წუთით. ან დაახურე ტაფას და დატოვე მინიმალურ ცეცხლზე ასევე ხუთი წუთით.

2. ქათმის ხორცისა და თეთრი პურის შეფარდება უნდა იყოს 10/1 (1 კგ ხორცი და 100 გ პური).

3. ქათმის ძვლები არ გადაყარო. შეგიძლია მოხარშო ბულიონი.

4. ინდაურის კატლეტიც ანალოგიურად მზადდება, ოღონდ საჭიროა მის ხორცს დაამატო ხახვი, ნიორი და ერთი კოვზი არაჟანი დარბილებისთვის. ინდაურის კატლეტი ღუმელში უფრო დიდხანს უნდა გააჩერო – დაახლოებით ოცი წუთი.

თევზის კატლეტი

1. თევზის კატლეტისთვის გამოდგება ნებისმიერი ნაკლებად ფხიანი თევზი.

2. იმისათვის რომ ეს კატლეტი გემრიელი გამოვიდეს, შეიძინე თევზის ფილე ან ახალი თევზი. ეს უკანასკნელი გაასუფთავე და გამოარჩიე ფხებისგან. მიღებული ფილე წინასწარ რძეში ჩამბალ პურთან ერთად გაატარე ხორცსაკეპში და შეაზავე მარილითა და პილპილით.

3. სასურველია, არომატული გემოს მისაცემად ფარშში ჩაამატო მოშუშული ხახვი. თუ ფარში გათხელდება, დაამატე მანის ბურღული ან ფქვილი.

4. თუ ფარშს გაატარებ ორჯერ, ის გაცილებით უფრო ნაზი გამოვა.

5. თევზის კატლეტიც საფანელში ამოავლე. სუფრაზე მიტანის წინ ის შედგი გაცხელებულ ღუმელში ათი წუთით.

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ თქვენ მიერ მომზადებული კატლეტი უჩვეულოდ გემრიელი გამოვიდეს.

თქვენ თუ გაქვთ რაიმე განსხვავებული ხრიკი საკატლეტე ფარშის მოსამზადებლად? სიამოვნებით გავეცნობოდით კომენტარებში.

როგორ მოვამზადოთ ღვიძლისგან კატლეტები. 9 თქვენთვის შერჩეული რეცეპტი

ღვიძლისგან უამრავი სხვადასხვა კერძის მომზადებაა შესაძლებელი: სახლის ძეხვის, პაშტეტის, ბეფსტროგანოვის, ღვეზელის და სხვ.  თქვენ წარმოიდგინეთ თურმე კატლეტიც კი შესაძლოა გაკეთდეს ამ პროდუქტისგან.

ბევრს არ მოსწონს ღვიძლისთვის დამახასიათებელი სპეციფიური გემო და სუნი, თუმცა, მისი გაქრობა შესაძლებელია. ზოგს კი ეს კატლეტი მშრალი ეჩვენება, მაგრამ გარკვეული ინგრედიენტების დამატებით ამის გამოსწორებაც შეიძლება. გთავაზობთ ღვიძლის კატლეტის რეცეპტების სხვადასხვა ვარიანტს. შეარჩიეთ სათქვენო.

6
კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 800 გ ქათმის ღვიძლი
  • ერთი ცალი ხახვი
  • ორი კბილი ნიორი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • სამი ს. კ. ფქვილი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ღვიძლი გარეცხე და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატე დაჭრილი ხახვი, ნიორი, გახეხილი სტაფილო.

2. მიღებულ მასაში ჩაყარე ფქვილი და კარგად აურიე.

3. გაცხელებულ ტაფაზე შეწვი ღვიძლის კატლეტი.

7
კატლეტი გოგრით

ინგრედიენტები

  • 500 გ ღორის ხორცი
  • 300 გ ქათმის ღვიძლი
  • 300 გ გოგრა
  • ერთი ცალი კარტოფილი
  • ერთი ცალი ხახვი
  • ორი ს. კ. საფანელი
  • ორი ს. კ. კეტჩუპი
  • ერთი კონა ოხრახუში
  • ერთი ჩ. კ. ძირა
  • სამი ს. კ. ზეთი
  •  მარილი, პილპილი და კორიანდრი გემოვნებით

მომზადება

1. კარტოფილი, ხორცი, ღვიძლი ხახვი და ნიორი გაატარე ხორცსაკეპში, აურიე.

2. დაამატე კეტჩუპი, საფანელი, დაჭრილი მწვანილი და ყველა საკმაზი.

3. მიეცი კატლეტის ფორმა და შეწვი ზეთიან ტაფაზე.

8
კატლეტი ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • ორი ცალი კარტოფილი
  • ოთხი ცალი სტაფილო
  • 500 გ ქათმის ღვიძლი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი ხახვი
  • 2-3 ს. კ. ფქვილი
  • 2-3 ს. კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ფუმფულა კატლეტის მისაღებად ღვიძლს მოაცალე გარსი.

2. მოხარშე სტაფილო და კარტოფილი, როცა ბოსტნეული გაცივდება, გაატარე ის ხორცსაკეპში. ასევე მოიქეცი ხახვისა და ღვიძლის მიმართ.

3. დაამატე საკმაზი, ათქვიფე კვერცხი, ჩაყარე მასში ფქვილი და მოზილე ყველაფერი ერთად.

4. მიეცი კატლეტის ფორმა და შეწვი ზეთში.

9
კატლეტი სოკოთი

ინგრედიენტები

  • 250 გ კარტოფილი
  • 500 გ საქონლის ღვიძლი
  • 150 გ ქამა სოკო
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი ხახვი
  • 2-3 ს. კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშე კარტოფილი, ჩაჭყლიტე ის პიურეს სახით.

2. ღვიძლი გაატარე ხორცსაკეპში.

3. დაჭერი სოკო და ხახვი. მსუბუქად მოშუშე, შემდეგ კი შეურიე კარტოფილსა და ღვიძლს, შეანელე ის საკმაზით.

4. ცხელ ზეთიან ტაფაში მიღებული მასა ჩააწყე კოვზით და შეწვი.

10
დაჭრილი ღვიძლის კატლეტი

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ფილე
  • 250 გ ქამა სოკო
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი ხახვი
  • 2-3 ს. კ. მანი
  • 2-3 ს. კ. ოხრახუში
  • 3 ს. კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ქათმის ღვიძლი დაჭერი პატარა ნაჭრებად, შეურიე დაჭრილ ხახვსა და კვერცხს. დაამატე მანი, მარილი და პილპილი. დატოვე 15 წუთით.

2. შემდეგ დაამატე დაჭრილი მწვანილი და აურიე.

3. გააკეთე ხორცის ბურთები კოვზით და ნახევრად შეწვი ზეთში.

4. გადაიტანე საცხობზე, მოაყარე დაჭრილი სოკო და გამოაცხე ნახევარი საათის განმავლობაში 180 გრადუსზე.

11
კატლეტი ყველით

ინგრედიენტები

  • ერთი ქატოს ბატონი
  • ნახევარი ჭიქა რძე
  • ერთი კგ ქათმის ღვიძლი
  • სამი ცალი კვერცხი
  • 2-3 ცალი ხახვი
  • 2-3 ჭიქა წიწიბურას ფქვილი
  • 2-3 ს. კ. ზეთი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • მარილი, პილპილი, პიტნა და ბაზილიკი გემოვნებით

მომზადება

1. პურს დაასხი რძე.

2. ქათმის ღვიძლი გაატარე ხორცსაკეპში, მიაყოლე გაწურული პური და ხახვი.

3. ათქვიფე კვერცხი, ჩააყარე ფქვილი, მარილი და საკმაზი.

4. გააკეთე ხორცის ბურთები და შეწვი ნახევრად.

5. გადაიტანე კატლეტი საცხობზე, მოაყარე მას გახეხილი ყველი და გამოაცხე 15 წუთის განმავლობაში.

12
კატლეტი ფარშით

ინგრედიენტები

  • 400 გ საქონლის ღვიძლი
  • 400 გ ხორცის ფარში
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი ხახვი
  • სამი ს. კ. ზეთი
  • ნახევარი ჩ. კ. ნივრის ფხვნილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ღვიძლი და ხახვი გაატარე ხორცსაკეპში, დაამატე კვერცხი და ხორცის ფარში. ჩააყარე ნივრის ფხვნილი და მარილი და პილპილი.

2. გააკეთე ხორცის ბურთები და შეწვი ზეთში ორივე მხრიდან.

13
კატლეტი შვრიით

ინგრედიენტები

  • 500 გ ღორის ღვიძლი
  • 500 მლ რძე
  • ორი ცალი კვერცხი
  • ორი ცალი ხახვი
  • 20 გ არაჟანი
  • ნახევარი ჭიქა ფქვილი
  • ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი
  • სამი ს. კ. ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ღვიძლს დაასხი რძე, დატოვე 40 წუთით. შემდეგ გარეცხე და გაატარე ხახვთან ერთად ხორცსაკეპში. ამ მასას დაუმატე არაჟანი და კვერცხი, მარილი და პილპილი.

2. შვრიის ფანტელი დაფქვი ყავის საფქვავში. ჩაყარე ფარშში და დაამატე ფქვილიც. გააკეთე ხორცის ბურთები და შეწვი ზეთში.

ქათმის, ღორისა თუ საქონლის ღვიძლის კატლეტები არაფრით არ არის უარესი ჩვეულებრივზე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!

რეცეპტების ნაკრები გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!