ზამთარი შესანიშნავი სეზონია, მაგრამ არა ყველასთვის. მით უმეტეს, თუ სახლში გვიწევს ყოფნა, ვართ დაღლილები და გაღიზიანებულები. ამის გამწვავებულ ფორმას ზამთრის დეპრესიასაც ეძახიან.
ცივი ტემპერატურა ნაკლებ პროდუქტიულს და ენერგიულს გვხდის. შედეგად, დასტრესილები და დემოტივირებულები ვართ ყველაფრის მიმართ. არ შეგეშინდეს, ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც ზამთრის დარდების დაძლევაში დაგეხმარება.
შეამცირე ლურჯი სინათლე
ცირკულარული რიტმი (ძილისა და გაღვიძების) ხშირად ლურჯი სინათლის გამო ირევა. მელატონინი ნელა გამოიყოფა, როცა დიდხანს ვართ სინათლის ქვეშ. დაძინებამდე სჯობს საერთოდ მოვერიდოთ ყველანაირ ტექნიკას, მაგრამ თუ მაინც გიწევთ ტელეფონის გამოყენება, მაქსიმალურად ჩაუწიე მის განათებას.
გამოიპრანჭე უმიზეზოდ
თუ სახლში ჯდომა ხშირად გიწევს, შესაძლოა ძალიან მიეჩვიო შინაურ ტანსაცმელს და დაგავიწყდეს, როგორ გიხდება საგარეო და ლამაზ ზედებში გამოწყობა. შეარჩიე საყვარელი ტანსაცმელი, რასაც სახლიდან გასვლამდე ჩაიცვამდი და მოიწესრიგე თმა. ეს თვითმოვლის ერთგვარი რიტუალია და მეტად მოტივირებულს გაგხდის.
იცეკვე გიჟივით
თუ ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ეს მოძრაობებით გააკეთე. ასე 2 ჩიტს მოკლავ – ივარჯიშებ და განწყობასაც გაიუმჯობესებ. ცეკვა ხელს უწყობს ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონები) გამოყოფას და ებრძვის დეპრესიას.
შექმენი ვიზუალური დაფა
ასეთი დაფა შეიძლება შედგებოდეს ფოტო-კოლაჟისგან, ტექსტებისგან ან ნახატებისგან. ის ყოველდღიური მოტივაციის გაზრდას ემსახურება. ვიზუალური დაფა დაგეხმარება გაიგო, რა გინდა ცხოვრებაში. იფიქრე ნათელ მომავალზე და სასურველ წარმატებაზე. მიაწერე ნახატებს ან ცარიელ ქაღალდებს სამოტივაციო ციტატები, გააფერადე ისინი და ჩააკარი ბლონოტში.
დაალაგე შენი სამუშაო სივრცე
წარმოიდგინე: დაღლილი ხარ და მუშაობაც გეზარება. თან შენი ოთახი არეულია. ეს ქაოსი დაღლილობის დამატებით სიგნალებს უშვებს. ეს კი კარგი არ არის. დააყენე ,,ტაიმერი” 5 წუთით და ამ პერიოდში გადაწყვიტე, რა უნდა დაალაგო. შემდეგ ჩართე მუსიკა და მოაწესრიგე კონკრეტული ადგილი.
შეისვენე სოციალური ქსელებისგან
ზოგჯერ დაუჯერებლად ძნელია სოც. ქსელებში უყურო ყველას ,,იდეალურ” ცხოვრებას, მით უმეტეს, როცა ცუდ ხასიათზე ხარ. რატომ იტანჯავ თავს? ეს პრობლემა ადვილად გადაჭრადია. დროებით გამორთე სოციალური ქსელები ან წაშალე კონკრეტულად ის ანგარიშები, რომელიც ნერვებს გიშლის. მეცნიერებაც დაგემოწმება, რომ ,,ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ სოციალურ მედიაში, თავს მეტად მარტოსულად და დეპრესიულად გრძნობენ.”
გადი სახლიდან
მესმის, ძალიან მაცდურია თბილ საბანში დარჩენა, მაგრამ ეს უარესად იმოქმედებს შენზე. სჯობს, გამორთო ტელევიზორი, ტელეფონი, კომპიუტერი და გაისეირნო. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მზის სხივების ნაკლებობა ნაკლებ მელატონინს გამოყოფს. უმეტესად ზამთრის სევდიანობასაც ეს ფაქტორი იწვევს.
ზამთრის დეპრესია სერიოზული საკითხია, თუმცა ზოგს ეს მოგონილი პრობლემა ჰგონია. შენ როგორ ფიქრობ, უნდა დაეთმოს ამას სათანადო ყურადღება?