ბავშვების მკაცრი აღზრდა წარსულში დარჩა. მეთოდები უფრო ლიბერალური ხდება. მშობლები მეტად ცდილობენ შვილებთან დამეგობრებას. დასჯა ბავშვისთვის ფსიქიკურ ტრავმად ითვლება. რამდენად სწორია ეს?
გთავაზობთ შვედი ფსიქიატრის, დევიდ ებერხადის, მოსაზრებებს ამაზე.
აღზრდის თანამედროვე მეთოდები
ცნობილი ფსიქიატრი თვლის, რომ თანამრდროვე აღზრდას სიმკაცრე აკლია. მშობლები ხდებიან საზოგადოებრივი აზრის მძევლები, ამის შედეგად იზრდება ინფანტილური თაობა. თვით ებერხარდი ამჟამად ზრდის რვა ბავშვს, ასე რომ, პირად გამოცდილებასაც გვიზიარებს. მშობლები აღარ იქცევიან პასუხისმგებლიანი ადამიანებივით, ისინი ცდილობენ ემეგობრონ ბავშვებს და არ ადგენენ საზღვრებს ურთიერთობაში. მშობლებს სულ ჰგონიათ, რომ არასაკმარისს აკეთებენ შვილებისთვის და ამიტომ ყველა თხოვნას უსრულებენ მათ. ამით დისკუსიას თავიდან იცილებენ.
ებერხარდი ამბობს: ,,მე არ ვამბობ, რომ ეს სწორი არაა, მე იმის თქმა მსურს, რომ მშობლების ცხოვრება მხოლოდ შვილების გარშემო არ უნდა ტრიალებდეს. ეს არანაირ დადებით შედეგს არ იძლევა მათი მომავლისთვის. ისინი ვერ გახდებიან უფრო წარმატებულები და დამოუკიდებლები.
ფსიქიატრი თვლის, რომ ოჯახი დემოკრატიული არ უნდა იყოს. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა – ეს არის ურთიერთობა ოსტატსა და მოსწავლეს შორის, სადაც არ არსებობს დემოკრატია. აქ ერთი ასწავლის, მეორე კი უსმენს. უფროსები გამოცდილები არიან, აქვთ მეტი ცოდნა, ამიტომ სწორედ ისინი ადგენენ წესებს.
ბავშვი ფაიფურის სათამაშო არ არის და მის მსგავსად მოქცევას არ იმსახურებს. ისინი რეალური ცხოვრებისთვის უნდა მოვამზადოთ, სადაც ყველაფერი სხვანაირადაა. კრიტიკა, შენიშვნები, დასჯა – ეს ყველაფერი ბავშვებს სჭირდებათ.
ებერხარდი ამბობს: ,,ზოგი მშობელი ყველა აკრძალვას უფრთხის იმ შიშით, რომ ეს ტრავმირებას გამოიწვევს ბავშვში. მაგალითად, საჭიროდ არ თვლიან პუბერტული ასაკის გოგონას უთხრან: ,,ნუ ჭამ ამდენ შოკოლადს, თორემ გასუქდები!” – რადგან ეშინიათ, რომ ის მეორე უკიდურესობაში (ანორექსია) ჩავარდება. ჩვენ შეგვიძლია ბავშვებს რაღაც მოვთხოვოთ, ისინი ამას გაუძლებენ.”
ბავშვის დაცვა საფრთხეებისა და იმედგაცრუებისგან ძალიან კარგია, მაგრამ ზემზრუნველობა დამღუპველად მოქმედებს მასზე.
ფსიქიატრი ამბობს: ,,თუ ჩვენ გვსურს ბავშვი იყოს კომპეტენტური, უნდა გავუშვათ სკოლაში მარტო. ექვსი წლის ბავშვს ეს უკვე შეუძლია, ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქშიც კი. მშობლები ამას არ უშვებენ და ამავე დროს, ბავშვისგან ითხოვენ გადაწყვეტილებები უფროსის დონეზე მიიღონ, ანუ იაზროვნონ დამოუკიდებლად.”
მშობლები ბავშვებს ზრდასრული ცხოვრებისთვის არ ამზადებენ, ჩასჩიჩინებენ რა მათ, რომ არაფერი შეემთხვევათ და ყველაფერი კარგად იქნება, თავად კი დედამიწის ცენტრები არიან. ასეთი ბავშვები ხშირად ცხოვრობენ ილუზიაში და რეალურად ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მშობლები ხომ არასდროს ეუბნებოდნენ მათ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდნენ.
თუმცა არ უნდა გადავიდეთ ერთი უკიდურესობიდან მეორეში და არ უნდა დავთრგუნოთ ბავშვი, არც ყველა წვრილმანზე ღირს მისი დასჯა. უბრალოდ ოქროს შუალედია საპოვნელი. თითოეულ ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და აღზრდის თავისებური მეთოდი, რაც დაგვეხმარება გავზარდოთ ღირსეული და კარგი ადამიანები.