კექსი ყველასთვის მისაღები ნამცხვარია, უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. ის შეიძლება სხვადასხვა დიეტის დროსაც კი მივიღოთ, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ინიშნება და არა წონაში დასაკლებად. მით უფრო, თუ კექსი წყალზეა დამზადებული და არ შეიცავს ზედმეტ ცხიმსა და კრემს. დღეს ჩვენ გთავაზობთ ასეთი მსუბუქი კექსის რეცეპტებსს, რომლებიც სწრაფი და მარტივი მოსამზადებელია.
1. როგორ მოვამზადოთ კექსი წყალზე
დღეს მოგიყვებით, როგორ მოვამზადოთ კექსი ,,პრაღული გროში”, რომლის შიგთავსადაც ამჯერად ალუბალს ვიყენებთ.
ამ ნამცხვრის სახელი მოიცავს მასში შემავალი ინგრედიენტების ბიუჯეტურ ნაკრებს და ჩეხურ სამზარეულოს. გაგიკვირდებათ და იტყვით, როგორი იქნება კექსი, თუ მასში არც რძეა და არც კარაქი?! მაგრამ ეს ასეა და ამასთან ნამცხვარი გამოდის უფრო გემრიელი, ჰაეროვანი და, ფაქტობრივად, უწონო.
ინგრედიენტები
- 250 გ ფქვილი
- 200 გ შაქარი
- 150 მლ ზეთი
- 150 მლ წყალი
- ოთხი ცალი კვერცხი
- ერთი ჭიქა უკურკო ალუბალი
- 1,5 ჩ. კ. ცომის გამაფხვიერებელი
- ორი ს. კ. შაქრის პუდრა (მოსაყრელად)
მომზადება
1. აიღე ოთხივე კვერცხი და გააცალკევე ცილები გულებისგან. ცილები ათქვიფე მკვრივი ქაფის მიღებამდე, ხოლო გულები კი ცალკე ჭურჭელში ათქვიფე შაქართან ერთად, ქაფის წარმოქმნამდე.
2. არ შეწყვიტოთ თქვეფა და ისე ჩაამატეთ გულებში ზეთი და წყალი. შემდეგ ჩაყარე გაცრილი ფქვილი და ცომის გამაფხვიერებელი.
3. ცომში ჩაამატე ცილა და ფრთხილად აურიე. ის გამოდის ოლადების ცომის მსგავსი კონსისტენციის.
4. ფორმას წაუსვი ცხიმი და მოაყარე ფქვილი, ჩაასხი მასში ცომის ნახევარი, ზემოდან კი დააწყე კურკაგამოცლილი ალუბალი. შეგიძლია გამოიყენო გაყინული ალუბალიც, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მოხმარების წინ საჭიროა მისი გალღობა. ამიტომ ხილი ცხობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღე საყინულედან. ალუბალს ზემოდან დაასხი ცომის მეორე ნახევარი.
5. კექსი გამოაცხე წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, გამოცხობის პერიოდი არის 45-50 წუთი. მზაობა შეამოწმე ხის ჩხირით.
6. მზა კექსი გამოიღე ღუმელიდან, გააციე და შემდეგ მას მოაყარე შაქრის პუდრა. შეგიძლია მოხარშო შოკოლადის მინანქარი ან შაქრის მინანქარი და შემდეგ მორთო ნამცხვარი ამ ტკბილეულით. ასევე შეგიძლია ზემოდანაც დააწყო ცოცხალი ან გაყინული (გამლხვალი) კენკრა. მოამზადე შენი გემოვნების მიხედვით.
ასე მორთული კექსი უფრო სადღესასწაულო იერს შეიძენს.
აი, ასე, ალუბლის კექსი უკვე მზად არის, გემრიელად მიირთვი! აუცილებლად სცადე კექსის მომზადება ამ რეცეპტით, ასეთი გემრიელი ნამცხვრის გასინჯვის შემდეგ მის წინაშე ყველა ხელს ასწევს! ალუბლის ნაცვლად შიგთავსად შეგიძლია აიღო ნებისმიერი რამ, შენი სურვილის მიხედვით. კენკრა შეგიძლია გამოიყენო გაყინული, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მოხმარების წინ საჭიროა მისი გალღობა.
სხვა დადებითი თვისებების გარდა, ასეთი კექსი რამდენიმე დღე არ კარგავს სიფუმფულეს, ის უბრალოდ საოცარია!
2. როგორ მოვამზადოთ ტრადიციული მილანური კექსი ,,პანეტონე” დაშაქრული ხილით?
იტალიური სააღდგომო სუფრა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ,,პანეტონეს” გარეშე. ის საოცრად ნაზი და გემრიელია.
ორიგინალი რეცეპტი რთული არაა, თუმცა ის ვარირებს პროდუქტებისა და სურვილების მიხედვით. უხდება შოკოლადი, ეგზოტიკური ხილი… დღესდღეობით ,,პანეტონე” იტალიისა და სხვა ბევრი ქვეყნის სიამაყეა (საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ).
დიასახლისებმა ექსპერიმენტირება და პასკის სახლის პირობებში გამოცფხობა დაიწყეს. დღეს მოგიყვებით, როგორ უნდა მოამზადოთ ის.
იტალიური სააღდგომო კექსი
ინგრედიენტები
- 850 გ ფქვილი
- 25 გ საფუარი
- 50 გ შაქარი ცომის დედისთვის
- 1 ს.კ. შაქარი ცომისთვის
- 180 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 4 კვერცხის გული
- 150 გ ქიშმიში
- 100 გ ცუკატი
- 100 გ თხილი
- 1,5 ჩ.კ. მარილი
- 1 ლიმონის ცედრა
- 0,5 ჭიქა წყალი
მომზადება
1. გახსენით თბილ წყალში საფუარი, შაქარი, დაამატეთ 0,5 ჭიქა ფქვილი. აურიეთ. დატოვეთ ტილოს ქვეშ 20-30 წუთი.
2. გახეხეთ ცედრა წვრილად, ეცადეთ არ გაჰყვეს ლიმონის თეთრი ნაწილი.
3. ფქვილის დანარჩენი ნაწილი ხის ზედაპირზე მოათავსეთ, გააკეთეთ ღრმული, ჩადეთ მასში გამდნარი კარაქი, ცედრა, შაქარი, კვერცხის გულები და ცომის დედა.
4. ცომის მოზელაზე დახარჯეთ 10 წუთი, ის უნდა გახდეს ელასტიური და საღეჭი კევივით იწელებოდეს.
5. დაამატეთ ცუკატები, ქიშმიში და თხილი. აურიეთ. დატოვეთ ცომი 1,5 სთ თბილ ადგილას, მოცულობა 2ჯერ უნდა გაიზარდოს.
6. აავსეთ ცომით საცხობი ფორმის 1/3, რომელსაც პერგამენტი ექნება ჩაფენილი.
7. დატოვეთ 1 სთ თბილ ადგილას, რათა სულ ამოვიდეს.
8. გამოაცხეთ ,,პანეტონე” 15 წუთი წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ კიდევ 20-30 წუთი 160 გრადუსზე. მომზადება ხის ჩხირით შეამოწმეთ.
კექსი იდეალური რომ გამოვიდეს:
- კექსის ცომს სითბო უყვარს, ორპირი არ შეუქმნათ.
- ცომი ძალიან კარგად უნდა მოზილოთ. ასე ადვილად გაიჭრება, არ მიეკრობა დანას.
- გამოცხობამდე ღუმელი აუცილებლად წინასწარ გაახურეთ.
- საცხობი ფორმა ფრთხილად შედგით, რათა ცომი არ დაჯდეს.
- ცხობისას ხშირად არ გააღოთ ღუმელი.
- შაქრის პუდრით ან მინანქრით კექსი გამოცხობისთანავე დაფარეთ.
3. როგორ მოვამზადოთ კექსი ყაბაყისგან?
ყაბაყისგან ბევრი კერძი მზადდება. დარწმუნებულები ვართ, ყაბაყის კექსი არ გაგისინჯავთ, ეს შედევრი ხრაშუნა ბეკონისგან მზადდება, ის ყველა გურმანმა უნდა გასინჯოს.
მომზადება საკმაოდ იოლია, არც სამზარეულოს სვრის ზეთის შხეფებით, როგორც ეს ყაბაყის შეწვის დროს ხდება, და რაც მთავარია – ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები
- 70 გ ბეკონი
- 3 ს.კ. ფქვილი
- 1 ყაბაყი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ს.კ. მაიონეზი
- 1 ხახვი
- მწვანილი
მომზადება
1. დაჭერით ბეკონი პატარა კუბებად, შეწვით დაჭრილ ხახვთან.
2. გაფცქვენით ყაბაყი, გახეხეთ მსხვილად. დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, ბეკონი ხახვთან ერთად და დაჭრილი მწვანილი.
3. აიღეთ კექსის ფორმები, სილიკონის ფუნჯით წაუსვით ზეთი, ჩაასხით მასში ცომი.
4. კექსი გამოაცხეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, მომზადებამდე.
კერძი სუფრასთან მიიტანეთ არაჟნის სოუსთან ერთად, უგემრიელესი გამოდის. სწორედ ყაბაყის მრავალფეროვნებით უნდა დაიწყოს ბოსტნეულის გემრიელი სეზონი.
4. კექსი ,,ქალაქური” – ერთად გავიხსენოთ წარსულის ნუგბარი
ძველი თაობის ხალხს კარგად ახსოვს მზა კექსი ,,ქალაქური”. ის არის ნაზი, ქიშმიშით სავსე… ჩვენ ეს რეცეპტი მოვიპოვეთ, რათა თქვენ შეძლოთ ერთი ჭიქა კაკაოსთან ერთად წარსულის გახსენება.
კექს ,,ქალაქურს” წვრილ და მსხვილ ფორმებში აცხობდნენ. ახლა ასეთი გემრიელი ნამცხვარი არ იყიდება, სამაგიეროდ იოლი მოსამზადებელია. ჩვენი რეცეპტი გასული წლების რეცეპტს მაქსიმალურად უახლოვდება. იგივე ინგრედიენტები და პროპორციებია, არის მხოლოდ ერთი განსხვავება: ნახშირმჟავა ამონიუმი ჩვენ გამაფხვიერებლით შევცვალეთ.
ინგრედიენტები
- 300 გ ფქვილი
- 230 გ შაქარი
- 230 გ კარაქი
- 3 ცალი კვერცხი
- 250 გ ქიშმიში
- 10 გ შაქრის პუდრა
- ერთი მწიკვი მარილი
- ერთი სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1,5 გ ვანილი
მომზადება
1. შაქარი, დარბილებული (არა გამდნარი) კარაქი, მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილი კარგად აურიეთ ერთმანეთს. გააგრძელეთ არევა და თან თითო კვერცხი დაუმატეთ. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი ცომი, შაქრის კრისტალების გარეშე.
2. ქიშმიში გაარჩიეთ და გარეცხეთ, შეურიეთ გაცრილ ფქვილს, შემდეგ დაუმატეთ კვერცხისა და კარაქის მასა. აურიეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე.
3. გამზადებული ცომი ჩადეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმებში, ფორმა არაუმეტეს 2/3-ით უნდა შეივსოს. კექსე გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გაციების შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან და შაქრის პუდრა მოაყარეთ.
ქიშმიშიანი კექსი შეგიძლიათ ერთ დიდ ფორმაშიც გამოაცხოთ და შემდეგ დაჭრათ. გარწმუნებთ, რომ ძალიან მოგინდებათ ამ ახალი რეცეპტის გასინჯვა.
5. სამარხვო კექსი ყავით და ქიშმიშით
როგორ მოვამზადოთ ძალიან მარტივად უგემრიელესი სამარხვო კექსი ყავით და ქიშმიშით.
საჭირო ინგრედიენტები:
- 2–3 ჩ.კ ხსნადი ყავა
- 300 გრ ფქვილი
- 200 გრ შაქარი
- 2 ს.კ თაფლი
- 1 ჩ.კ სოდა
- 100 გრ გატარებული ნიგოზი
- 100 გრ ქიშმიში
- შაქრის პუდრა –მოსაყრელად ( გემოვნებით)
მომზადების წესი:
პირველ რიგში საჭიროა ყავის მომზადება. ამისთვის 250 მლ ცხელ წყალში გახსენით 2 სასვე ჩ/კ ყავა და კარგად მოურიეთ. ჯერ კიდევ ცხელი ყავა ჩაასხით ჯამში და დაუმატეთ შაქარი, თაფლი და მარილი, რის შემდეგაც კარგად აურიეთ. ამის შემდეგ საჭიროა ცოტახნით გავაჭეროთ, რათა გაცივდეს. ყავის მასას დაუმატეთ ერთმანეთში არეული ნიგოზი და ქიშმიში, ასევე დაუმატეთ მცირეოდენი სოდა და კარგად აურიეთ, ხოლო სულ ბოლოს დაუმატეთ ფქვილი. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ცოტა ფქვილი, გადაიტანეთ მასზე მიღბული მასა და შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე. 40-45 წუთში კექსი მზადაა.
6. მანიზე დამზადებული შოკოლადის კექსი
ტორტის ცხობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ არსებობს მისი გემრიელი ალტერნატივებიც, რომლებიც სულ რაღაც ათ წუთში უკვე მზადაა და არანაკლები გემოთიც გამოირჩევა. ასეთია მანის შოკოლადიანი ფუძე, რომელიც ყავითაა გაჟღენთილი და აქვს შესანიშნავი კრემი. მათი კომბინაცია დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.
ინგრედიენტები
- ერთი ჭიქა მანი
- ერთი ჭიქა შაქარი
- 5 ს. კ. კაკაო
- 3 ცალი კვერცხი
- ნახევარი ჩ. კ. სოდა
- ერთი ჩ. კ. ხსნადი ყავა
- 450 მლ რძე
- 220 გ ფქვილი
- 50 გ კარაქი
- 3-4 ს. კ. შედედებული რძე
- ნახევარი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- ერთი მწიკვი მარილი
მომზადება
მანის დაასხი ერთი ჭიქა ოდნავ თბილი რძე. აურიე და დატოვე ასე 15 წუთი.
ცალკე თასში ათქვიფე კვერცხი და ერთი ჭიქა შაქარი.
თეთრ გოგლიმოგლს დაუმატე გამდნარი კარაქი. აურიე და დაუმატე გაფუებული მანი, კვლავ კარგად ათქვიფე მიქსერით.
პორციის ნახევარი ფქვილი 3 ს. კ. კაკაოსთან, სოდასა და გამაფხვიერებელთან ერთად ჩააცერი მანის მასას. აურიე კარგად და შემდეგ დაამატე ფქვილის მეორე ნახევარი.
საცხობ ფორმას მოუსვი ცხიმი და მოაფრქვიე ფქვილი. ჩაასხი მასში სქელი ცომი და მოასწორე.
გამოაცხე 180 გრადუსზე 20 წუთის მანძილზე. შემდეგ ტორტი დანამე.
200 მლ ცხელ რძეში გახსენი ყავა. გააციე და ამ მასით დანამე ასევე ოდნავ გაციებული ტორტი.
კრემისთვის – შედედებული რძე კარგად შეურიე დარჩენილ კაკაოს. გაციებული ნამცხვარი დაჭერი საპორციე ნაჭრებად და წაუსვი მომზადებული კრემი.
მანის ამ ნამცხვარს ძალიან უხდება ყავის სანამი, საბოლოოდ კი კრემი სრულყოფილ გემოს ანიჭებს. შეგიძლიათ ნამცხვარი მორთათ კენკრით.
თქვენ თუ ამზადებთ მანისგან ნამცხვრებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
7. მოამზადეთ წითელი გულის შიგთავსის მქონე კექსი: ვალენტინობის დღის დესერტი
მალე დადგება ყველა წყვილის საყვარელი დღესასწაული – წმინდა ვალენტინის დღე. ეს არის რომანტიკული სიურპრიზებისა და საჩუქრების დრო. ჩვენ გთავაზობთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანებს გულის ფორმის კექსი მიუძღვნათ.
ეს არის კარგად გამოცდილი რეცეპტი, უნაზესი ნაღების კრემით. დესერტი ნამდვილად ძალიან მოეწონება თქვენს მეორე ნახევარს.
ინგრედიენტები
- 170 გ კარაქი
- 150 გ შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 215 გ ფქვილი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- ერთი მწიკვი მარილი
- 15 გ ვანილის შაქარი
- 85 მლ რძე
- 125 გ კრემ ყველი
- 50 გ შაქრის პუდრა
- ნახევარი ლიმონი
- საკვები საღებავი გემოვნებით
მომზადება
1. მიქსერის დახმარებით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი. დაამატეთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილის შაქარი. თან თქვიფეთ. ჩაასხით მასში რძე და კვლავ ათქვიფეთ.
2. თითო ს. კ. ცომი ჩადეთ კექსის 6 ცალ სილიკონის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
3. გაციებული კექსი დაანამცეცეთ, დაამატეთ ერთი ს. კ. ცომი და 2 ს. კ. წყალი. ასევე 2 ან 3 წვეთი წითელი საკვები საღებავი. კარგად აურიეთ. ცომი უნდა ჰგავდეს პლასტელინს.
4. აიღეთ პატარა გულის ფორმა და აავსეთ ის ცომით, გააკეთეთ 6 ასეთი გული.
5. ჩაალაგეთ ქაფქეიქის ფორმებში პერგამენტის ქაღალდი. ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და თითოეულ ფორმაში ჩაასხით თითო ს. კ. ცომი. ცენტრში მოათავსეთ გულები და დაასხით დარჩენილი ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
6. კრემისთვის ათქვიფეთ დარჩენილი კარაქი და კრემ ყველი, დაამატეთ შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი. როცა ქაფქეიქები გაცივდება, მორთეთ ისინი კრემით.
გაუმასპინძლდით ამ ნაზი კექსით თქვენს საყვარელ ადამიანს. უბრალოდ წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა ის ნამცხვრის შიგნით ლამაზ სიურპრიზს აღმოაჩენს – ეს ხომ შესანიშნავი იქნება.
8. სწრაფად მოსამზადებელი კექსი ერთი ჭიქა მანით, ჭიქა კეფირითა და ერთი კვერცხით
მანით მომზადებული კერძი ორიგინალური და გემრიელია, მას სჭირდება საკმაოდ ცოტა ინგრედიენტი, მზადდება სწრაფად, თუმცა გამოდის ძალიან ფუმფულა, ჰაეროვანი და მეტისმეტად გემრიელი.
დღეს ჩვენ გთავაზობთ მადისაღმძვრელი მანის კექსის ინსტრუქციას. ცომის სტრუქტურა ნამდვილად შესანიშნავია.
ინგრედიენტები
- ერთი ჭიქა მანის ბურღული
- ერთი ჭიქა კეფირი
- ნახევარი ჩ. კ. სოდა
- ერთი ჭიქა შაქარი
- ერთი ცალი კვერცხი
- 200 გ ფქვილი
- ცოტა ძმარი სოდისთვის
მომზადება
1. მანის კექსის მოსამზადებლად წინასწარ მოამზადეთ აუცილებელი პროდუქტები. მოხერხებულ ჭურჭელში ჩაასხით კეფირი და დაამატეთ მანის ბურღული. კარგად აურიეთ. დატოვეთ ასე 40 წუთით, რათა მანი გაფუვდეს.
2. კეფირიან და მანიან მასაში ჩაახალეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, სოდა ძმრით და ბოლოს გაცრილი ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სოდა ფქვილში გაცრის შემდეგ შეურიოთ.
3. კექსის ფორმებს წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი ფორმის 2/3 დონეზე.
4. კექსი გამოაცხეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში.
5. სულ ეს არის, მანის ბურღულზე დამზადებული კექსი მზად არის. გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად!
9. როგორ მოვამზადოთ სამფერა კექსი კაკაოთი, ქოქოსითა და ყაყაჩოს თესლით
რბილი და ფაფუკი სახლის კექსი საუკეთესო დესერტის ვარიანტია. ის სწრაფად მზადდება და საკმაოდ გემრიელიც გამოდის. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სამი ფერისგან შემდგარი ჰაეროვანი კექსი. დარწმუნებულები ვართ, რომ აღფრთოვანებულები დარჩებით მისი დაბალანსებული გემოთი.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ინგრედიენტების წყალობით ის გამოდის ძალიან ორიგინალური და არომატული.
ინგრედიენტები
- 6 ცალი კვერცხი
- 250 გ კარაქი
- 200 გ შაქარი
- 240 გ ფქვილი
- 1,5 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- 7 ს. კ. ზეთი
- ერთი ს. კ. კაკაოს ფხვნილი
- 90 გ ქოქოსის ფანტელი
- 90 გ ყაყაჩოს თესლი
- შაქრის პუდრა გემოვნებით
მომზადება
1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან ერთად. შემდეგ შეათქვიფეთ სათითაო კვერცხი.
2. ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ.
3. ცომი გაყავით 3 ტოლ ნაწილად, ერთს შეურიეთ კაკაო, მეორეს კი – ქოქოსის ფანტელი. ხოლო მესამე ნაწილში ჩაამატეთ ყაყაჩო. ყველაფერი კარგად აურიეთ.
4. კექსის ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით პირველად კაკაოანი ფენა და გაუკეთეთ მას ნაპირები. შემდეგ ჩააფინეთ ცომი ქოქოსის ფანტელით. მასში გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება.
5. ამ ჩაღრმავებაში ფრთხილად ჩაასხით ყაყაჩოს შემცველი ცომი.
6. ნამცხვარი გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ერთი საათის განმავლობაში.
მზა სამფეროვან კექსს მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრა და ცოტათი გააციეთ. ეს ნუგბარი იმდენად მდიდრულად გამოიყურება, რომ მისი მომზადება შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრებისთვისაც. აუცილებლად სინჯეთ და გემრიელად მიირთვით!
10. უგემრიელესი გოგრის კექსის მომზადების ინსტრუქცია
ოქროსფერი შემოდგომა ყოველთვის გოგრასთან ასოცირდება – ღია ნარინჯისფერ, არომატულ და გემრიელ ბაღჩეულთან. ეს სასარგებლო ბოსტნეული ნებისმიერი დიასახლისისთვის აღმოჩენაა. ერთ მწიფე გოგრას იყიდი და მისგან ფაფის მომზადებაც შეიძლება, ნამცხვრის შიგთავსისაც, მურაბისაც, კრემ-სუფისაც და სხვა. ხოლო საღამოს მყუდრო ჩაის სმას ძალიან უხდება უნაზესი გოგრის კექსი. ისიც ძალიან გემრიელი, წვნიანი და თან საოცრად ლამაზია.
გოგრის სხვადასხვა დესერტის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩვენ დღეს ერთ-ერთი განსაკუთრებული უნდა შემოგთავაზოთ. თუ ერთხელ მაინც მოამზადებთ ამ კექსს, მას სულ მუდმივად გაიმეორებთ. თქვენი სტუმრებიცა და ოჯახის წევრებიც აღფრთოვანებულები დარჩებიან. ის მოეწონებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც გოგრას დიდად არ სწყალობენ. საქმე იმაშია, რომ ამ ნამცხვრის ცომში – ბისკვიტში გოგრისა და სხვადასხვა საკმაზის საინტერესო შეხამება ხდება.
გოგრის კექსი ღუმელში
ინგრედიენტები ცომისთვის
- 3,5 ჭიქა ფქვილი
- ერთი ჩ. კ. მარილი
- 3 ჩ. კ. ცომის გამაფხვიერებელი
- ნახევარი კგ გოგრა
- 4 ცალი კვერცხი
- 3 ჭიქა შაქარი
- ერთი ჩ. კ. დარიჩინი
- ნახევარი ჩ. კ. დაფქული მიხაკი
- ნახევარი ჩ. კ.დაფქული მუსკატის კაკალი
- ნახევარი ჩ. კ. დაფქული სურნელოვანი პილპილი
- ერთი ჭიქა ზეთი
ინგრედიენტები მინანქრისთვის
- ერთი ჭიქა შაქრის პუდრა
- 2 ს. კ. რძე
მომზადება
1. თავიდან უნდა მოამზადო გოგრის პიურე. გოგრა გარეცხე, გაასუფთავე და დაჭერი პატარა ნაჭრებად. შემდეგ გოგრის ნაჭრები დაალაგე საცხობზე, რომელსაც ჩაფენილი აქვს პერგამენტის ქაღალდი და გამოაცხე ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ ის არ დარბილდება.
2. გამომცხვარი გოგრა ათქვიფე ბლენდერის დახმარებით პიურეს მდგომარეობამდე.
3. ცალკე ჭურჭელში გაცერი ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და სანელებლები. შემდეგ შეურიე ისინი ერთმანეთს.
4. სხვა ღრმა ჭურჭელში ერთმანეთს შეეურიე კვერცხი და შაქარი, ათქვიფე. შემდეგ დაამატე ზეთი და გოგრის პიურე. ყველაფერი კარგად აურიე.
5. შემდეგ ფრთხილად და ეტაპობრივად დაამატე მშრალი ნარევი. მოზილე ცომი.
6. კექსის ფორმას წაუსვი პატარა ნაჭერი კარაქი და მოაყარე მას ფქვილი. ცომი თანაბრად გადანაწილე ფორმაში. ყურადღება მიაქციე იმას, რომ ცომი გამოდის ბევრი, ამიტომ ფორმაც უნდა იყოს დიდი ან შესაძლოა ცომი გაყო ორ ნაწილად, თუ დიდი ფორმა არ გაქვს და ორ პატარა ფორმაში გამოაცხო ერთდროულად.
კექსი გამოაცხე 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 60-75 წუთის განმავლობაში. მისი მზაობა შეამოწმე ხის ჩხირის საშუალებით.
7. კექსის მინანქრის მოსამზადებლად შეურიე ერთმანეთს შაქრის პუდრა და რძე. კარგად აურიე და გაციებულ კექსს მიასხ- მოასხი.
8. სულ ეს არის! გოგრის კექსი მინანქრით შეგიძლიათ მიირთვათ ჭიქა ჩაისთან ერთად მყუდრო შემოდგომის საღამოს.
გემრიელად მიირთვით!
ამ ნაზ და ტკბილ კექსში გოგრის გემო არც კი იგრძნობა. ამიტომ მას სიამოვნებით მიირთმევს ისიც კი, ვინც გოგრის გემოს საერთოდ ვერ იტანს. ამასთან, სხვადასხვა სანელებლის შერწყმა დესერტს განუმეორებელ პიკანტურ გემოს ანიჭებს. სხვათაშორის, გოგრის კექსი გამოცხობიდან ხუთი დღის მანძილზეც კი არ კარგავს სიფაფუკეს და ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან გამოიღეს ღუმელიდანო. რაც ასევე აღსანიშნავია, ჩამოთვლილი რაოდენობის ინგრედიენტების გამოყენებით კექსის საკმაოდ დიდი პორცია გამოდის და ამიტომ მთელი ოჯახი ხანგრძლივად დატკბებით ამ არომატული ნამცხვრის გემოთი.
როგორ მოგეწონათ რეცეპტები? აპირებთ მათ გაკეთებას? მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ სოციალური ქსელების მეშვეობით!