მთავარი კულინარია ნამცხვრები: რეცეპტები უგემრიელესი დესერტების გამოსაცხობად

ნამცხვრები: რეცეპტები უგემრიელესი დესერტების გამოსაცხობად

by guramus

როცა სახლში ტკბილი არაფერია, შენ კი ძალიან გინდა ჩაის რაიმე გემრიელი მიაყოლო, სწორედ  ეს რეცეპტები გამოგადგება. მათში შემავალი ინგრედიენტები ყველა მაცივარში მოიპოვება. ისინი მოსამზადებლად საკმაოდ სწრაფია, სულ რამდენიმე წუთი და ნამცხვარი პრაქტიკულად მზად იქნება. თუმცა უმჯობესია, ორიოდ საათი მოითმინო, სანამ კრემის გემო ბისკვიტს კარგად არ გაუჯდება და შემდეგ მიირთვა.

აქ წარმოდგენილი სტატიები თუ არ იქნება საკმარისი, ჩვენ ნამცხვრების კატეგორიაც გვაქვს, სადაც უამრავი კარგი რეცეპტია.

გირჩევთ გაეცნოთ.

რეცეპტი 1: ფუმფულა შოკოლადის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • ერთი ჭიქა კეფირი
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • ერთი ჭიქა ფქვილი
  • ორი ს. კ. კაკაოს ფხვნილი
  • ერთი ჩ. კ. სოდა

მომზადება

1. შეურიე ერთმანეთს კეფირი და სოდა. ხოლო ფქვილი, შაქარი და კაკაო ცალკე თასში  შეურიე ერთმანეთს და შემდეგ ჩააყარე ეს მასა კეფირში.

2. საცხობ ფორმას წაუსვი ცხიმი, ჩააფინე პერგამენყის ქაღალდი და ჩაასხი მასში ცომი.

3. გამოაცხე დაახლოებით 20-25 წუთი, 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. მზაობა შეამოწმე ხის ჩხირით ან ასანთით. თუ ჩხირი მშრალი დარჩა, ესე იგი, ტორტი მზად არის.

მზა ცომს ზემოდან შეგიძლია შოკოლადის მინანქარი დაასხა ან გაყო შუაზე და წაუსვა ნებისმიერი კრემი ან მოხარშული შედედებული რძე. უმჯობესია, დატოვო რამდენიმე საათით გემოს გასაჯდომად და შემდეგ მიიტანო სუფრასთან. გემრიელად მიირთვი!

რეცეპტი 2: შოკოლადის ტორტი ,,ჯანდუია”

ეს იტალიური წარმოშობის ტორტია. არის საკმაოდ ნაზი და სასიამოვნო გემოს მქონე. გემოთი გვაგონებს შოკოლადის ტრუფელს. მოსამზადებლად მარტივია და სწრაფი. ტორტის დასახელება მოდის იტალიური მარკის თხილიანი შოკოლადის ,,ჯანდუიასგან”, თუმცა სხვა ნებისმიერი ხარისხიანი შოკოლადის გამოყენებაც შეგიძლია.

გთავაზობთ ამ საოცარი ტორტის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • სამი ს. კ. კაკაო
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ჩ. კ. ძმარი
  • ერთი ჩ. კ. ვანილის ესენცია ან ვანილის შაქარი
  • ხუთი ს. კ. ზეთი
  • ერთი ჭიქა წყალი
  • კარაქი საცხობ ფორმაზე წასასმელად
  • 100 გ შოკოლადი
  • 100 გ ტორტის მოსართავი ხილი (შესაძლოა იყოს გაყინული კენკრა)

მომზადება

1. მოხერხებულ ჭურჭელში ან მიქსერის თასში შეურიე ფქვილი, შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი. აურიე ამ მასას სუფრის კოვზით.

2. ცალკე თასში ჩაასხი ზეთი, ძმარი, ვანილის ესენცია (ან ვანილის შაქარი, ოღონდ ის ფქვილს უნდა ჩაამატო). შეურიე ყველა პროდუქტი და ჩაასხი სითხე ფქვილიან ჭურჭელში.

3. მიქსერის დახმარებით ათქვიფე ყველა მშრალი ინგრედიენტი თხევადთან ერთად, თან პარალელურად დაამატე ცოტ-ცოტა ოთახის ტემპერატურის წყალი. ცომი ერთგვაროვანი უნდა გამოვიდეს.

4. საცხობ ფორმას ან მულტისაცხობის ჭურჭელს წაუსვი ცხიმი. თუ ტორტი მულტიფუნქციურ საცხობში უნდა გამოაცხო, მაშინ კარაქი წაუსვი არა მხოლოდ ფსკერს, არამედ გვერდებსაც.

5. ჩაასხი ცომი და თანაბრად გადაანაწილე ის საცხობ ფორმაში.

6. თუ აცხობ ჰაერღუმელში, ცომს დასჭირდება ნახევარი საათი 180 გრადუს ტემპერატურაზე. მისი მზაობა ხის ჩხირით შეამოწმე. თუ სველი იქნება, აცხე კიდევ 5-10 წუთი.

მულტისაცხობში დააყენე რეჟიმი ,,გამოცხობა”. აქ ცომს დასჭირდება დაახლოებით 30-40 წუთი (მულტისაცხობის სიმძლავრის მიხედვით).

7. ნამცხვარი ფორმიდან ამოიღე მხოლოდ მაშინ, როცა სრულად გაცივდება. კრემისთვის უნდა გაადნო შოკოლადი. სასურველია იტალიური ”ჯანდუია”. თუ არ გაქვს, გამოგადგება სხვა ნებისმიერი ხარისხიანი შოკოლადი. ასევე შეგიძლია მოხარშო შოკოლადის მინანქარი. შოკოლადის კრემი წაუსვი ბისკვიტს.

8. მორთე ტორტი ხილით და მიირთვი სიამოვნებით.

ეს მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი ტორტი უზომოდ გაახარებს ყველა შოკოლადის მოყვარულ გურმანს. გირჩევთ აუცილებლად მოამზადო. სიმარტივისა და ხელმისაწვდომობის მიუხედავად ეს შოკოლადის ტორტი გამოდის გასაოცრად დიდებული.

გაუზიარე შესანიშნავი რეცეპტები მეგობრებს. შესაძლოა რომელიმე მათგანი მადლიერების ნიშნად გაგიმასპინძლდეს ამ ორი შეუდარებელი ნუგბარიდან ერთ-ერთით, ჭიქა ჩაისთან ერთად.


ატმის ჩისქეიქის მომზადების ინსტრუქცია, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

სოციალურ ქსელში ბევრ ჩვენგანს ალბათ ხშირად ხვდება სხვადასხვა სახის ჩისქეიქის ფოტოები. არსებობს განსაკუთრებული ხილის ჩისქეიქები, რომლებიც იმდენად გემრიელი გამოდის, რომ ერთხელ გამოცხობის შემდეგ მისი კეთების გარდა სხვა არაფერი აღარ მოგინდებათ. განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს, როცა გახურებული ატმის სეზონია.

იმაზე ნუ იდარდებთ, გამოგივათ ჩისქეიქი თუ არა, რადგან ის ყველას გამოსდის, მათ შორის, დამწყებ დიასახლისებსაც და სხვათაშორის ძალიან მარტივად. არც ბევრი ინგრედიენტი უნდა და არც ძვირი ჯდება. მით უმეტეს, ზაფხულში მართლაც სანთლით საძებარია ისეთი  ტკბილეული, რომელიც არ საჭიროებს გამოცხობას და ბევრი დროის კარგვას.

სახლის ჩისქეიქი გამოცხობის გარეშე

ეს რეცეპტი იმ ადამიანებისთვისაც იდეალურია, ვისაც ჯერ არ აქვს ღუმელი. მის მოსამზადებლად მაცივრის ქონაც საკმარისია, რადგან მისი შიგთავსი ჟელატინს შეიცავს და სწორედ ჩისქეიქის ხილს ესხმევა ეს ნაზი ჟელე.

დღეს ჩვენ გთავაზობთ სწორედ  ატმის იმ ჩისქეიქის მომზადების მეთოდს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. ატმის წვენი პირდაპირ მაგიდიდან წვეთავს და მთელი სამზარეულო სავსეა ზაფხულის სურნელით.

ინგრედიენტები ჩისქეიქის ფუძისთვის

  • 200 გ ორცხობილა
  • 150 გ ნაღების კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 600 გ ვანილის ხაჭოს მასა
  • 400 მლ ბერძნული იოგურტი (ცხიმიანობა არანაკლებ 10%)
  • 200 მლ ნაღები (ცხიმიანობა 20%)
  • თეთრი შოკოლადის ერთი ფილა
  • 7 გ ჟელატინი

ინგრედიენტები ზედა შრისთვის

  • 400 გ ჟელე
  • 8 მსხვილი ზომის ატამი
  • ერთი ჭიქა მდუღარე წყალი

მომზადება

1. თავიდან მოამზადე ნამცხვრის ფუძე. სამზარეულოს კომბაინის დახმარებით ორცხობილა უნდა დაფხვნა წვრილ ნამცეცებად. კარაქი გაადნე და შეურიე ამ ორცხობილას.

2. საცხობ ფორმას ჩააფინე საკვები ცელოფანი, რომელიც რამდენიმე ფენად იქნება დაკეცილი (შეგიძლიათ ფოლგაც გამოიყენო). ორცხობილასა და კარაქის ნარევი ჩადე ფორმაში და კარგად დატკეპნე ის. ფუძე შედგი საყინულეში 15 წუთით.

3. ცალკე ჭურჭელში შეურიე ხაჭოს მასა და იოგურტი.

4. თეთრი შოკოლადის ფილა ნაღებთან ერთად გაადნე მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე. შემდეგ კარგად აურიე ერთგვაროვანი  მასის მიღებამდე. დაასხი ეს ნარევი ჟელატინს და დატოვე 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ 60 გრადუსამდე გააცხელე, ოღონდ ადუღებამდე არ მიიყვანო. დააცადე, რომ ცოტათი გაცივდეს.

5. ხაჭოს მასა შეურიე შოკოლადისა და ნაღების მასას. ეს შიგთავსი დაასხი ორცხობილას ფუძეს და კვლავ შედგი საყინულეში რამდენიმე საათის მანძილზე.

6. ხილის ჟელეს პაკეტი შეურიე ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და კარგად აურიე. გაათბე ის 2-3 წუთით იმისთვის, რომ ჟელე კარგად გაიხსნას და მასა გახდეს ერთგვაროვანი. დატოვე ჟელე, რათა გაცივდეს (დაახლოებით 15 წუთი).

7. სანამ ჟელე ცივდება, ატამი გაფცქვენი და დაჭერი თხელ ნაჭრებად.

8. ხილი დაალაგე ჩისქეიქზე, ფრთხილად დაასხი მას გაციებული თხევადი ჟელე და შედგი მაცივარში 3 ან 4 საათით (უკეთესია მთელი ღამით).

9. დასრულდა. ატმის ჩისქეიქი მზად არის. გემრიელად მიირთვი!

რჩევა

არსებობს ჩისქეიქის ასეულობით რეცეპტი, ეს პროდუქტი საკმაოდ მრავალფეროვანია. შოკოლადის, კენკრის, გამომცხვარი ჩისქეიქი და ა.შ. ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ თავისებურად ყველა ძალიან გემრიელია.

თხელი და ხრაშუნა ტკბილი ფუძე, ნაზი ნაღების გემოს მქონე ხაჭოს ფენა და არომატული ატმის თხელი ნაჭრები, რომლებიც ჟელეშია ამოვლებული – აი, ეს არის ჩვენი შესანიშნავი ჩისქეიქი. მისი მომზადება სჯობს საღამოს ჟამს დაიწყოთ, რათა დილით უკვე დატკბეთ მისი შესანიშნავი გემოთი. ასეთი დესერტი წარმატებით ჩაანაცვლებს სადღესასწაულო ტორტსაც, რადგან დიდებულად გამოიყურება.

სცადეთ მისი მომზადება და აუცილებლად გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!


როგორ მოვამზადოთ გემრიელი ტორტი ფორთოხლის ჟელეთი: 2 რეცეპტი

ტორტის გარეშე არც ერთი დღესასწაული არ არის ბოლომდე ლამაზი. თუმცა ცოტა დიასახლისი თუა მზად, მოამზადოს ეს დესერტი თავად. უმრავლესობა მათგანი მზა ტორტებს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ თუ მომზადება იცი და რთული რეცეპტების არ გეშინია, მაშინ დიდ პატივისცემას იმსახურებ.

დღეს გაგიზიარებთ ტორტის დაუჯერებელ რეცეპტს ჟელეს შიგთავსითა და მუსით. მისი მომზადება ზამთარშიც ადვილია და – ზაფხულშიც. ვერავინ მიხვდება, რომ კულინარული ხელოვნების ეს ნაწარმოები სახლშია დამზადებული.

გემრიელი ბისკვიტის ტორტი

გთავაზობთ ისეთი ტორტის რეცეპტს, რომელიც ყველა გურმანის გულს დაიპყრობს. აქ წარმატებით არის შერწყმული ერთმანეთთან ბისკვიტი ჟელეს შიგთავსითა და შოკოლადის მუსით.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 2 კვერცხი
  • 50 გ ფქვილი
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 0,5 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 70 გ შაქარი

ინგრედიენტები ჟელესთვის

  • 350 გ ფორთოხლის ჟელე
  • 600 მლ წყალი
  • 1 ფორთოხალი
  • 4 მანდარინი

ინგრედიენტები მუსისთვის

  • 200 გ შავი შოკოლადი
  • 400 გ ნაღები
  • 10 გ ჟალატინი
  • 1 ს.კ. კაკაო

მომზადება

1. მოამზადე ჯერ ბისკვიტი.

გაყავი კვერცხის ცილები გულებისგან და შემდეგ ათქვიფე ჯერ ცილები მიქსერით, მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე. ამის მერე დაამატე კვერცხის გულები ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტო.

2. ცალკე ჯამში გაცერი ფქვილი და სახამებელი, დაამატე ფორთოხლის ცედრა და ყველაფერი შეურიე ათქვეფილ კვერცხს. ცომი ფრთხილად მოზილე – კოვზით ქვემოდან ზემოთ.

3. ცომი ჩაასხი 20 სმ დიამეტრის მქონე ფორმაში, რომელსაც ჩაფენილი აქვს პერგამენტი. ბისკვიტი გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-17 წუთით.

4. ბისკვიტი გააციე და გამოიღე ის ფორმიდან.

5. ახლა მოამზადე ჟელე. ის გახსენი ინსტრუქციის მიხედვით.

6. ბისკვიტი დიდ თეფშზე დადე და ზემოდან გაუკეთე კულინარული რგოლი ისე, რომ ჟელე არ გადმოიღვაროს. გარედან დაჭიმე ბისკვიტის ფუძე და რგოლის კედლები საკვები ცელოფნით.

7. ფორთოხლისა და მანდარინის ნაჭრები დაალაგე ბისკვიტზე. ზემოდან დაასხი 8 ს.კ. ჟელე.

8. ტორტი შედგი მაცივარში 20 წუთით, შემდეგ დაასხი მას დარჩენილი ჟელე და შედგი მაცივარში 5 საათის განმავლობაში.

9. მუსის მოსამზადებლად ჟელატინი ცივ წყალში ჩაალბე.

10. დატეხე შოკოლადის ფილა და გაადნე წყლის აბაზანაზე ცხიმიანი ნაღების ერთ ნაწილთან. გააციე კარგად.

11. ათქვიფე დარჩენილი  ნაღები, სანამ არ გასქელდება.

12. გაათბე 30 გ ნაღები, გაწურე და მასში გახსენი ჟელატინი. გადაურიე ჟელატინის მასა შოკოლადს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიე ეს მასა ათქვეფილ ნაღებს მიქსერის საშუალებით.

13. მომზადებული მუსი დადე ტორტზე და შედგი მაცივარში 4 საათით. ფრთხილად მოხსენი ტორტს კულინარული რგოლი და მორთე ის სურვილის მიხედვით.

ტორტი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

ამ ტორტის ყურებაც კი ძალიან სასიამოვნოა. ის დაამშვენებს ყველა სადღესასწაულო სუფრას.

ხაჭოს ტორტი ფორთოხლით გამოცხობის გარეშე

ნაზი ხაჭო, მომჟაო ფორთოხალი და ხრაშუნა ორცხობილა ერთობლიობაში ქმნის დესერტს, რომელსაც ნებისმიერი გახდომის მოსურნე გურმანი დააფასებს.

ინგრედიენტები

  • 40 გ ჟელატინი
  • 150 მლ წყალი
  • 700 გ ხაჭო
  • 200 გ არაჟანი
  • 150 გ შაქარი
  • 1 მსხვილი ფორთოხალი
  • 150 გ ორცხობილა
  • ვანილი

მომზადება

1. ჟელატინს დაასხი ცხელი წყალი და ურიე სრულ გახსნამდე.

2. სანამ ჟელატინი კარგად გაცივდება მოამზადე ხაჭოს მასა. დაამატე ხაჭოს არაჟანი და ვანილი გემოვნებით. კარგად ათქვიფე ბლენდერით.

3. ამ მასას დაამატე გაციებული ჟელატინი და დაიწყე მიღებული კრემის ფორმაში ჩასხმა თანდათან. ცოტა კრემის დასხმის მერე, აუცილებლად დაამატე კრემს კუბებად დაჭრილი ფორთოხალი და ცოტა ორცხობილა. განაგრძე ასე ფენებად ჩაწყობა.

4. შედგი ტორტი მაცივარში მინიმუმ 3 საათით. მზად არის!

ეს ჰაეროვანი ხაჭოს ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ამიტომ შეგიძლიათ  მნიშვნელოვანი წვეულებების დროსაც მოამზადოთ, სტუმრები აღტაცებაში მოვლენ!

გაუზიარეთ ეს ორი შესანიშნავი და უგემრიელესი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!


დიდებული ესპანური ნამცხვარი: რეცეპტი

ესპანეთში, წმ. იოანეს დღესასწაულზე დიასახლისებს განსაკუთრებული მისია აქვთ: გამოაცხონ ტრადიციული ნამცხვარი კოკა დე სან-ხუანი. რა თქმა უნდა, მას ესპანელები სხვადასხვანაირად ამზადებენ. ჩვენ ტკბილ ვარიანტს გთავაზობთ ალუბლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქორფა, გაყინული ან დაკონსერვებული კენკრა.

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 500გ

საფუარი 5 გ

რძე 200 მლ

კვერცხი 5 ც

შაქარი 135გ

ლიქიორი 30 მლ

ანისული 1 ჩ.კ.

ნაღების კარაქი 80 გ

მარილი, სიმინდის სახამებელი, თხილი.

ალუბალი 200 გ

მომზადება

ლიქიორი გაათბეთ, დაასხით ანისულის მარცვლებს. დაახურეთ თავსახური და გააცივეთ.

ჯამში შეაერთეთ 100 გ ხორბლის ფქვილი და საფუარი, დაასხით 100 მლ თბილი რძე, გადაახვიეთ ქაღალდში და დატოვეთ 10 წთ.

მოამზადეთ კრემი. ჭურჭელში მოათავსეთ 1 კვერცხი, სახამებელი, 75 გ შაქარი დად არჩენილი თბილი რძე. დადგით ცეცხლზე და მორევით მიიყვანეთ შესქელებამდე. მსუბუქად გააცივეთ, საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.

მოამზადეთ ცომი. საფუარს დაუმატეთ 3 კვერცხი, მარილი, 60გ შაქარი და ლიქიორი. მოაყარეთ 300 გ გაცრილი ფქვილი, აურიეთ, დაუმატეთ 100 გ ფქვილი და ისევ აურიეთ. დაამატეთ ნაღების კარაქი, მოზილეთ, გადაახვიეთ ქაღალდში და მაცივარში 8 საათით მოათავსეთ.

ზევიდან ოდნავ გააბრტყელეთ ოვალური ფორმისთვის. გადაიტანეთ პერგამენტზე და კრემით ხაზები დაიტანეთ, სპეციალური ტომრით გაუსვით.

თასში აურიეთ კვერცხი და წყალი. ეს მასა წაუსვით ნამცხვარს. ეცადეთ კრემის ხაზებს არ შეეხოთ. მორთეთ ალუბლით და თხილით.

გააცხელეთ გაზქურა 200 გრადუსზე. ღმელის დაბლა საფეხურზე დადგით ლანგარი წყლით, მეორეზე ლანგარი ნამცხვრით. გამოაცხვეთ 25-30 წთ.ე

ეს ესპანური ნამცხვარი იტალიურ პიცას ჰგავს. მათ აერთიანებთ საფუარის ცომი, მომზადების პრინციპი და ფანტაზიის უნარი.


როგორ გამოვაცხოთ კექსი ფინიკით?

მოგზაურობიდან არამხოლოდ სუვენირები, არამედ უკან დაბრუნების სურვილი ჩამოაქვთ. რომელიმე ქვეყნის მოგონებების გაცოცხლებას კულინარია ემსახურება! წარმოგიდგენთ სასარგებლო ფინიკით მომზადებულ არომატულ კექსს.

ცომისთვის თაფლს იყენებენ, ფქვილს კი დარიჩინის და ჯანჯაფილის ნაზავს უმატებენ. სურვილისამებრ შეგიძლიათ მუსკატის თხილიც დაუმატოთ.

ინგრედიენტები

თაფლი 22 გ

კვერცხი 2 ც

ხორბლის ფქვილი 250 გ

ფინიკი 100გ

რძე 150 მლ

ნაღების კარაქი 110 გ

ნიგოზი 100 გ

დარიჩინი 0.5 ჩ.კ.

ჯანჯაფილი 0.5 ჩ.კ.

სოდა 0.5 ჩ.კ.

მომზადება

გაათბეთ თაფლი, მაგრამ არ აადუღოთ. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ნაღების კარაქი და აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.

გადმოიღეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ რძე და კვერცხი, კარგად აურიეთ.

გაცერით ფქვილი, დაუმატეთ დარიჩინი, ხმელი ჯანჯაფილი და სოდა. ეს მასა ჩააუშვით კარაქისა და თაფლის მასაში, მუდამ ურიეთ.

ფინიკს მოაცალეთ კურკები, დაჭერით, დაჭყლიტეთ ნიგოზი. ორივე ინგრედიენტი დაუმატეთ ცომს.

მზა ცომი გადაასხით პერგამენტის ფორმაში გამოსაცხობად და 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 1 სთ დატოვეთ.