ყველამ ვიცით, რომ ბაზარში ან მარკეტში შეძენილი პროდუქტები უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე სახლის. შესახედავადაც ისინი ბევრად ლამაზებია, მით უმეტეს, თუ საქმე ხილ-ბოსტნეულს ეხება. ამის მიზეზი ის არის, რომ პრაქტიკულად ყველა ხილი და ბოსტნეული გადის ქიმიურ დამუშავებას. იგივე ითქმის ჩირზეც.
კაშკაშა გარგარის ჩირი და მბზინავი ფინიკი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება და მაშინვე იტაცებს ჩვენს მზერას, როცა ახლოს ჩავუვლით. ჩვენ ისე ვიხიბლებით, რომ ცდუნებას ვერ ვუძლებთ და მაშინვე ვყიდულობთ. რა უნდა იყოს შვრიის ფაფაზე სასარგებლო, რომელსაც დამატებული აქვს სხვადასხვა ჩირი? თუმცა ვიტამინებთან ერთად ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს მავნე ნივთიერებებიც.
კონსერვანტი Е220
ჩირის დამუშავება ხდება გოგირდის დიოქსიდით. ის ცნობილია, როგორც კონსერვანტი Е220. აღნიშნული ნივთიერება ხელს უშლის ბაქტერიებისა და სოკოების ზრდას და განვითარებას. შესაბამისად, ანელებს ბოსტნეულისა და ხილის გაფუჭების პროცესს და მას სასაქონლე სახეს უნარჩუნებს. გოგირდის დიოქსიდს აქვს გარკვეული ხარისხის ტოქსიკურობა, მას შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, განსაკუთრებით საშიში ეს ნივთიერება მათთვისაა, ვისაც ასთმა აწუხებს. სანამ გადაწყვეტთ ჩირის მირთმევას, დარწმუნდით, რომ ის კარგად გარეცხეთ.
როგორ გავრეცხოთ ჩირი სწორად
ჩვენ ხშირად ჩირს ვრეცხავთ გამდინარე წყალში, მაგრამ ეს საშუალებას იძლევა, რომ მისგან მხოლოდ მტვერი და ჭუჭყი ჩამოვრეცხოთ. კონსერვანტებისაგან გათავისუფლების მიზნით, ჩირი უნდა ჩავალბოთ ოთახის ტემპერატურის წყალში მინიმუმ ნახევარი საათით, უმჯობესია კი ერთი საათით. ამ დროის მანძილზე წყალი ხშირად უნდა გამოუცვალოთ და ამ სახით მოხდება გოგირდის დიოქსიდის გამორეცხვა. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი არ იყოს ცხელი, რადგან მასში ცუდად გაიხსნება კონსერვანტები.
როგორ შევამოწმოთ, ჩამოირეცხა თუ არა კონსერვანტი?
ამ მიზნით ჩაატარეთ ასეთი ცდა: იმ წყლიან თასში, სადაც ჩამბალი იყო თქვენი ჩირი, დაამატეთ ცოტა კალიუმის პერმანგანატის ხსნარი. თუ ხსნარი გაუფერულდა, ესე იგი, მასში კონსერვანტია, ხოლო თუ პერმანგანატმა ფერი შეინარჩუნა, ეს იმას ნიშნავს, რომ წყალი სუფთაა. წყალში დიოქსიდი იშლება სულფატისა და გოგირდმჟავას სახით და რეაქციაში შედის კალიუმის პერმანგანატთან.
როგორ ავარჩიოთ ჩირი?
ყიდვის დროს ჩირი კარგად შეათვალიერეთ. ნაყოფი უნდა იყოს მთლიანი, ობისა და ლპობის გარეშე, სხვა უცხო მინარევების გარეშე. ცხიმიანი და ძალიან კაშკაშა ფერის ჩირი უმჯობესია არ შეიძინოთ, ეს ცალსახად მიანიშნებს ჩირის ქიმიურად დამუშავებაზე. სახლში ბუნებრივი შრობის დროს ხილი შავდება, თუ ჩირს შეფუთულს ყიდულობთ, შეამოწმეთ მისი შენახვის ვადა.
ხილის ჩირი – ეს გლუკოზის, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა და მხოლოდ სწორ შერჩევასა და ხარისხიან დამუშავებაზეა დამოკიდებული მოუტანს ის სარგებლობას თუ ზიანს თქვენს ჯანმრთელობას.
გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!